„ეტალონისა“ და izrune.ge-ს უპრეცედენტო ONLINE პროექტმა, პირველივე გადაცემიდან, უამრავი გულშემატკივარი, მეგობარი შეიძინა და დღეს თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს SUPER ოჯახები ერთ-ერთი წარმატებული გადაცემა-თამაშია, რომელიც ყველა ასაკის ბავშვს აერთიანებს, მშობლებს აახლოებს და ოჯახური წარმატებით ტკბობის საშუალებასაც აძლევს.
საქართველოს SUPER ოჯახები - უპრეცედენტო დისტანციური ONLINE საოჯახო გადაცემა-თამაში „ზუმის“, „ეტალონის“ მეთოდოლოგიისა და izrune.ge-ს მაღალი ტექნოლოგიების გაერთიანების შედეგად შეიქმნა, ათასობით ოჯახი გააერთიანა და საქართველოს საზღვრებსაც კარგა ხანია გასცდა.
გადაცემის წამყვანი, პროექტების სულისჩამდგმელი, გოჩა ტყეშელაშვილი გახლავთ, რომელმაც საქართველოს SUPER-ოჯახების გადაცემების დაწყებისთანავე დააანონსა, რომ იქნებოდა სიხარული, ჟრიამული და ერთად ყოფნის ბედნიერებით გამოწვეული მხოლოდ დადებითი ემოციები! ასეც მოხდა, თუმცა მხოლოდ ონლაინ-ფორმატით არ შემოვიფარგლეთ და ბატონმა გოჩამ გადაწყვიტა, ჩხოროწყუს მერთან, დავით გოგუასთან და ჩხოროწყუს საკრებულოს წევრთან ჯუმბერ იზორიასთან ერთად პირადად წვეოდა ბეშკენაძეების SUPER-ოჯახს.
საქმე ის გახლავთ, რომ ოჯახის უმცროსი წევრები - ლუკა და ანასტასია ბეშკენაძეები დიდი ხანია izrune.ge-ს პროექტში არიან ჩართულები, სიხარულით გადიან თითოეულ ტესტს და საკუთარი ბრწყინვალე შედეგებით ახარებენ ოჯახსაც და უსაყვარელს მასწავლებლებსაც.
მოგვიანებით, ბავშვების დედამ, ქალბატონმა ბელა ჭილაიამ etaloni.ge-ს საკუთარი შთაბეჭდილებები, ემოციები გაუზიარა და ისიც აღნიშნა, რომ სწორედ ყველაზე მზრუნველი პროექტის დამსახურებით დღეს მისი შვილების საუკეთესო მეგობარი წიგნია:
„პირველ ყოვლისა izrune.ge-ს მნიშვნელობაზე უნდა ვისაუბრო, რომელიც ჩვენი შვილების მოტივატორი და წარმატების საფუძველია. სწორად შერჩეული პროგრამა, საოცარი პროფესიონალიზმით შერჩეული კითხვები... ვერ წარმოიდგენთ, როგორი ხალისით გადიან ტესტებს ბავშვები“, - განაცხადა ქალბატონმა ბელამ და დასძინა, რომ გოჩა ტყეშელაშვილის სტუმრობა, უდავოდ, დიდი საჩუქარია:
„ბატონი გოჩას ჩამოსვლა უდიდესი პატივია ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის... გულწრფელად ვამბობ - ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს... მადლობა izrune.ge-ს ასეთი შესაძლებლობისთვის... ბავშვები ყოველ ხუთშაბათსა და შემაჯამებელ ტესტს მოუთმენლად ელიან; შეიცვალა მათი დამოკიდებულება სწავლისა და კითხვისადმი... მადლობის მეტი არაფერი მეთქმის“.
ზოგადად, განათლება მათ ოჯახში უმნიშვნელოვანესია, თავად ქალბატონმა ბელამ, როგორც გვიამბო, 15 წელი იბრძოლა იმისთვის, უმაღლესი განათების დამდასტურებელი დოკუმენტი - დიპლომი რომ დაებრუნებინა (საბუთები რატომღაც დაკარგული იყო) და შვილებსაც სულ ამას ასწავლის: „წარმატება ადვილად არ მოდის, მისთვის უნდა იბრძოლო, ბრძოლას კი ყოველთვის აქვს აზრი“.