პროფესიული უნარების წარმატებით ჩაბარების შემდეგ უნდა შეფასდეს პედაგოგების პრაქტიკული ნაწილი. აღნიშნულ საკითხს კარიერული წინსვლის სქემა არეგულირებს, სადაც აღნიშნულია, რომ „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება წინადადებით მიმართავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის შეფასების მიზნით, რომლის საფუძველზეც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი წინადადების მიღების მიმდინარე ან მომდევნო სემესტრის განმავლობაში ახორციელებს მასწავლებლის გარე დაკვირვებას, ატარებს სასკოლო საზოგადოებასთან გასაუბრებას და აფასებს მასწავლებლის პორტფოლიოს“.
მასწავლებლის პრაქტიკული ნაწილის აფასებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ პირები, რომლებიც პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგებს, დასკვნის სახით შეფასებიდან ორი კვირის ვადაში ელექტრონულად/მატერიალურად წერილობითი ფორმით წარმოადგენენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში და მიღებული შედეგის შესახებ ინფორმაცია მასწავლებელს ცენტრის მიერ აესახება ელექტრონულ პორტფოლიოში.
თუმცა სქემაში ასევე ნათქვამია, რომ პრაქტიკული ნაწილის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის ფორმა მტკიცდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. მასწავლებლისთვის სტატუსის (მენტორი, წამყვანი) მინიჭების შესახებ კი გადაწყვეტილებას, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დასკვნის საფუძველზე, შესაბამისი სასწავლო წლის ბოლოს, იღებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით“.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ გამოცდაჩაბარებული პედაგოგები წამყვანისა თუ მენტორის სტატუსსა და შესაბამის დანამატს 2022-2023 სასწავლო წლის ბოლომდე ვერ მიიღებენ?
etaloni.ge მასწავლებლის სახლს დაუკავშირდა. ცხელ ხაზზე გვიპასუხეს, რომ ჯერჯერობით კონკრეტული ვადები უცნობია და შესაბამისი ბრძანება მალე გამოქვეყნდება, თუმცა „ეს ყველაფერი საკმაოდ შრომატევადია და სავარაუდოდ, დიახ, ერთი სასწავლო წელი დასჭირდება ყველა კომპონენტის შეფასებას“.