მხოლოდ გამოცდით სტატუსი არ მოგენიჭებათ - როგორ შეფასდებიან წამყვანობისა და მენტორობის მსურველები
21-09-2022

წამყვანობისა და მენტორობის მსურველებმა პროფესიული უნარების გამოცდა ჩააბარეს, თუმცა ფაქტია, რომ მხოლოდ ტესტირება არ არის საკმარისი სასურველი სტატუსის მისაღებად და მასწავლებლებს კომპლექსური შეფასების გავლაც მოუწევთ.

ამ საკითხს კარიერული წინსვლის სქემა არეგულირებს, სადაც წერია, რომ „წამყვანი მასწავლებლის სტატუსი შეიძლება მიენიჭოს უფროს მასწავლებელს, რომელსაც უფროსი მასწავლებლის სტატუსის მისანიჭებლად ჩაბარებული აქვს საგნის გამოცდა ან საგნობრივი კომპეტენცია დადასტურებული აქვს არანაკლებ 50%-იანი შედეგით, ან უფროსი მასწავლებლის სტატუსი მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხის საფუძველზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, უფროსი მასწავლებელი უფლებამოსილია განმეორებით ჩააბაროს საგნის გამოცდა წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად“.

ასევე, წამყვანი მასწავლებლის სტატუსის მისაღებად უფროსი მასწავლებელი ვალდებულია გაიაროს კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს:

პროფესიული უნარების გამოცდის წარმატებით ჩაბარებას და მასწავლებლის პრაქტიკული საქმიანობის შეფასებას, რომელიც მოიცავს:

გარე დაკვირვებას და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილისშემდგომ რეფლექსიას (თვითშეფასებას); სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებასა (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

პორტფოლიო ფასდება მასწავლებლის სტანდარტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტების საფუძველზე, რომელიც განთავსებული უნდა იყოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (შემდგომში – eschool.emis.ge ან ელექტრონული სისტემა) არსებულ ელექტრონულ პორტფოლიოში.

რაც შეეხება მენტორობის მსურველებს, ისინიც ვალდებულნი არიან გაიარონ კომპლექსური შეფასება, რაც მოიცავს გარე დაკვირვებასა და მასწავლებლის მიერ თემატური ერთეულის ფარგლებში განხორციელებულ გაკვეთილის შემდგომ რეფლექსიას; სასკოლო საზოგადოების წევრებთან გასაუბრებას (ინტერვიუირება) და პორტფოლიოს შეფასებას.

აღსანიშნავია, რომ მასწავლებელს გამოცდაზე მიღებული შედეგი უნარჩუნდება 3 წლის განმავლობაში. შესაბამისად, მას უფლება აქვს, მოცემული 3 წლის განმავლობაში გაიაროს კომპლექსური შეფასების პრაქტიკული ნაწილი. შეფასებას კი პრაქტიკულ ნაწილში ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203