განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ პროფესიული ან/და უმაღლესი განათლების ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი განისაზღვრა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც სრულდება „შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში“, უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭებით, ჩაითვალოს სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან პირდაპირ კავშირში მყოფ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებად;
პროფესიული უნარების სააგენტო ვალდებულია, ცვლილების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინადადება ცვლილების შეტანის შესახებ. ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში კი, სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმირებას.
რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით განახორციელებენ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან.
„ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც პირდაპირ კავშირშია სამუშაო სივრცეში შრომის უსაფრთხოების დაცვასთან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შუამდგომლობის საფუძველზე, განისაზღვრება კომისიური წესით.
კომისიაში შედიან სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით;
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ვალდებულია, „სწავლის სფეროების კლასიფიკატორში“ შესაბამისი ცვლილების შეტანიდან 3 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სამინისტროს წინადადება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დეტალურ სფეროში ცვლილების შეტანის შესახებ.
დეტალური სფეროს ცვლილებასთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემიდან 5 სამუშაო დღის ვადაში სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტი უზრუნველყოფს სსიპ – შრომის ინსპექციის სამსახურის ინფორმირებას“, - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.