ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მასწავლებლებს შორის საგაკვეთილო საათების განაწილება ხდება. იმისთვის, რომ პედაგოგმა სტატუსის დანამატი სრულად აიღოს და საათების თანხა დანაკლისის გარეშე აუნაზღაურდეს, კვირაში სრული დატვირთვა უნდა ჰქონდეს, თუმცა სკოლაში არსებობს მასწავლებელთა კატეგორია, რომლებსაც სრულ განაკვეთზე მუშაობის უფლება არ აქვს.
ვინ არიან მასწავლებლები, რომლებსაც კვირაში 18 საგაკვეთილო საათის ჩატარება ეკრძალებათ?
საინფორმაციო მენეჯერი - კანონის მიხედვით, საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.
მოწვეული მასწავლებელი არის პედაგოგი, რომელიც სკოლაში მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე ასწავლის რომელიმე საგანს. მისი სამუშაო დატვირთვაა არ უნდა აღემატებოდეს სრული დატვირთვისათვის განსაზღვრული საგაკვეთილო საათების 50%-ს. ეს იმას ნიშნავს, რომ მოწვეულ მასწავლებელს კვირაში 9 საგაკვეთილო საათზე მეტის ჩატარების უფლება არ აქვს.
დირექტორი და მისი მოადგილეები - დირექციის წევრების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. ზოგადი განათლების შესახებ კანონში აღნიშნულია, რომ დირექტორის თანამდებობა შეუთავსებელია ნებისმიერ სხვა ანაზღაურებად საქმიანობასთან იმავე სკოლაში. გამონაკლისის სახით, დირექტორი, თუ მას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვს პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, უფლებამოსილია ეწეოდეს პედაგოგიურ საქმიანობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
კანონმდებლობით დადგენილი წესი კი ასეთია:
„სკოლის საშტატო განრიგით გათვალისწინებული პირებისა (გარდა მასწავლებლისა და საინფორმაციო მენეჯერისა) და სახელმწიფო დაფინანსების ფარგლებში დასაქმებული შტატგარეშე მოსამსახურეების სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 10 საგაკვეთილო საათს. საინფორმაციო მენეჯერის სამუშაო დატვირთვა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 16 საგაკვეთილო საათს.“