დამრიგებლობა საპასუხისმგებლო საქმეა. კლასის ხელმძღვანელებს საგნის სწავლებაზე მეტი მოეთხოვებათ.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, დამრიგებლის ფუნქციაა მოსწავლის პოტენციური ძალების ამოქმედება და მისი ნიჭისა და შესაძლებლობების გამოვლენისათვის სათანადო პირობების შექმნა; სააღმზრდელო მუშაობა მიმართული უნდა იყოს პიროვნების ფიზიკური, კოგნიტური (შემეცნებითი) და ემოციურ-სოციალური განვითარებისაკენ, დამრიგებელმა მოსწავლეებს საშუალება უნდა მისცეს, მონაწილეობა მიიღონ აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები და სხვ.) დაგეგმვასა და ამ დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარებაში. გარდა ამისა, დამრიგებელი უნდა იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის თანამშრომლობითი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში, ჰქონდეს ხშირი კომუნიკაცია მშობელთან და დროულად აწვდიდეს მას ინფორმაციას შვილის აკადემიური მოსწრების შესახებ.
დამრიგებლობა მხოლოდ ფურცელზე დაწერილი მოვალეობების ცოდნას არ გულისხმობს. პედაგოგმა სადამრიგებლო კლასის თითოეული მოსწავლის თვალით უნდა შეხედოს სამყაროს, ესმოდეს მათი, ეხმარებოდეს თითოეულს საკუთარი ნიჭისა და შესაძლებლობების წარმოჩენაში, უნდა ზრუნავდეს მოსწავლეებზე და თანაბრად გასცემდეს მათდამი სიყვარულს.
რაც უფრო მეტია კლასში მოსწავლე, მით უფრო იზრდება დამრიგებლის დატვირთვა. განსხვავებულია თუ არა დამრიგებლების ანაზღაურება კლასში მოსწავლეთა რაოდენობისა მიხედვით? ერთნაირია თუ არა დანამატი 10 მოსწავლისგან და 25 მოსწავლისგან შემდგარი კლასების ხელმძღვანელობისთვის?
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი მოსწავლე ეყოლება მასწავლებელს სადამრიგებლო კლასში, დამრიგებლის დანამატი ყველა პედაგოგისთვის ერთნაირია. კლასის ხელმძღვანელის ანაზღაურება 101.25 ლარია. სწორედ ეს თანხა ემატება ხელფასზე პედაგოგს სადამრიგებლო კლასზე ზრუნვისთვის. აქედან მასწავლებელი ხელზე დაახლოებით 80 ლარს იღებს.
ცნობისთვის, აუცილებელია, რომ საჯარო სკოლაში დამრიგებელი იმავე სკოლის მასწავლებელი იყოს.
იხილეთ ასევე: რამდენი ლარია კლასის დამრიგებლის დანამატი და რა ევალება მას?