„დირექტორისთვისაც მორალურად აუცილებელია სერტიფიცირება გაიაროს“ - სკოლის ხელმძღვანელები ვადებსა და სერტიფიცირებაზე
სკოლის დირექტორებისთვის სასერტიფიკაციო გამოცდები, როგორც ცნობილია წელს ჩატარდება, თუმცა ზუსტი თარიღი ჯერ ისევ უცნობია. სკოლის დირექტორები თანამდებობას 6 წლის ვადით იკავებენ და უფლება აქვთ ზედიზედ ორი ვადით იყვნენ ამ თანამდებობაზე არჩეულები.Etaloni.ge დაინტერესდა, რას ფიქრობენ დირექტორები, უნდა იყოს თუ არა ვადებში შეზღუდული მათ მიერ დაკავებული თანამდებობა და ასევე, ტარდებოდეს თუ არა სკოლების ხელმძღვანელებისთვის სერტიფიცირება? - ამ კითხვებით სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ, რათა მათი კომპეტენტური აზრი მოგვესმინა.
თეა ხაბალაევი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრ რამეს პრაქტიკა გაჩვენებს და გასწავლის, მაგრამ დირექტორებისთვის სერტიფიცირება უნდა ტარდებოდეს. თუკი პედაგოგისგან სახელმწიფო ითხოვს, რომ უნდა იყოს სერტიფიცირებული და გამოცდა ჩააბაროს, მაშინ დირექტორისთვისაც მორალურად აუცილებელია სერტიფიცირება გაიაროს. პირადად მე გამოცდა მაქვს ჩაბარებული და რადგანაც მოქმედი ხელმძღვანელი ვარ, გამოცდაზე გასვლა ახლა არ მიწევს, მხოლოდ გასაუბრება.
რაც შეეხება ვადებს, ეს ვადები, რომელიც კანონით განსაზღვრული გვაქვს არარეალურად არ მიმაჩნია. პრინციპი, რომ დირექტორად დაინიშნებოდი და შეიძლებოდა მთელი ცხოვრება ამ თანამდებობაზე გემუშავა ვფიქრობ, ცოტა კომუნისტური გადმონაშთი იყო. ნორმალურია, რომ რაღაც პერიოდის შემდგომ ასპარეზი სხვას დაუთმო... შეიძლება ის უკეთესი ხელმძღვანელი აღმოჩნდეს და სკოლაში მეტი სიახლე შეიტანოს. უარყოფითი მხარეც, რა თქმა უნდა, ამასაც აქვს, რომ შესაძლებელია ნაკლების გაკეთება მოასწროს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში დირექტორი იყოს უვადო - ესე არ უნდა იყოს. ცვლილებები ძალიან კარგია; სკოლა და განათლების სისტემა ცოცხალი ორგანიზმია, რომელიც მუდმივად ცვალებადია ამიტომ, ვადები რომლებიც მითითებულია არარეალური არ არის, რომ ზედიზედ ორი ვადით ერთი და იგივე სკოლაში იმუშაო.
რამაზ ძირკვაძე, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის დირექტორი:ის ვადები, რომლებიც დირექტორად მუშაობისთვის არის განსაზღვრული ვფიქრობ ნორმალურია. ჩემი აზრით ხელმძღვანელი უვადოდ არ უნდა ინიშნებოდეს. ვადა აუცილებლად განსაზღვრული უნდა იყოს, რადგან ადამიანი, რომელიც დირექტორად ინიშნება და სკოლაში მთელი ცხოვრება რჩება არ მგონია თავად სკოლას წაადგეს. ცვლა, როგორც პედაგოგის ასევე, დირექტორის აუცილებლად უნდა ხდებოდეს.
ასევე, დირექტორების სერტიფიცირება უფრო დემოკრატიული ფორმა მგონია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები იყენებენ. მიმაჩნია, რომ დირექტორებისთვის სერტიფიცირება უნდა ტარდებოდეს. შემდგომ ტარდება გასაუბრებები, რომლებიც მგონია ზედმეტი ფორმალობაა და სერტიფიცირების გავლა საკმარისია. ახლა, ყველას გაგვივიდა ვადა, რადგან სასერტიფიკაციო გამოცდები დიდი ხანია არ ჩატარებულა, ამიტომაც მე პირადად სერტიფიცირების გავლას ვაპირებ.
მარინე აბუაშვილი, გორის N4 საჯარო სკოლის დირექტორი:პირადად მე სერტიფიცირებული დირექტორი ვარ. ახლა, თუ ვინმე აპირებს გახდეს სკოლის დირექტორი მან გამოცდა აუცილებლად უნდა გაიაროს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დირექტორს კანონით 2-ჯერ აქვს არჩევის უფლება და ეს მთლიანად 12 წელს მოიცავს მაშინ სავსებით საკმარისია. ამასთანავე ვადის გასვლის შემდეგ რაღაც პერიოდი, სანამ კიდევ მომდევნო გამოცდა ჩაბარდება მას სკოლაში ყოფნა მოვალეობის შემსრულებლად უწევს და ეს ჯამში 13-14 წელსაც კი შეადგენს... ამის შემდგომ, უნდა მოვიდეს ახალი კადრი, ახალი სისხლი და ეს მუდმივი პროცესი იყოს. ერთი და იგივე დირექტორი ერთი და იმავე სკოლაში ძალიან დიდი ხნით არ უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ თუნდაც გადანაცვლება, რომ სხვა სკოლაში გადავიდეს ცუდი არ არის. ჩემი, პირადი მოსაზრებით ეს უფრო უმჯობესია.
ლია ყიფიანი, ქარელის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:ვფიქრობ, დამწყებმა სასერტიფიკაციო გამოცდა უნდა ჩააბაროს, ხოლო ის ვინც მოქმედია იმავე ტიპის გამოცდა, რომელიც მაგალითად მე ჩავაბარე სანამ დირექტორი გავხდებოდი არ არის საჭირო. ამისთვის მიმაჩნია, რომ უნდა იყოს გარკვეული სიტუაციური ამოცანები, პრობლემებიდან გამოსავლის მოძიება... პირადად მე სერტიფიცირებული დირექტორი ვარ და როგორც ინფორმაციას ვფლობ ჩემს სერტიფიკატს ვადა არ უმთავრდება.
რაც შეეხება დაკავებული თანამდებობის ვადას დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა, აქვს. შესაძლოა კონკრეტულ სიტუაციაში კარგი იყოს და სხვა სიტუაციაში არ იყოს სახარბიელო. თუკი, ადამიანი არის კარგი მენეჯერი, დირექტორი და საქმეს მაღალ დონეზე აკეთებს მაშინ მუშაობა მანამდე შეიძლება შეეძლოს სანამ ამას ნაყოფიერად შეძლებს. ასევე, არის შემთხვევა, რომ ვიღაც ვერ მუშაობს იმ ხარისხით, როგორიც საჭიროა ამ შემთხვევაში კი კარგია, გარკვეული ვადის შემდგომ სხვამ დაიკავოს ადგილი. ვფიქრობ, რაღაც მექანიზმით უნდა კონტროლდებოდეს და მოწმდებოდეს.