„თითოეულ ბავშვს თავს ვევლებით, ვიცით მათი ყველა ნაბიჯი“-დირექტორები აბიტურიენტების შედეგებს აფასებენ
31-08-2022
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები უკვე გამოაქვეყნა. აბიტურიენტებმა უკვე იციან რომელ უნივერსიტეტებში მოხვდნენ და ასევე, აიღეს თუ არა გრანტი.

Etaloni.ge დაინტერესდა, რამდენად კმაყოფილები არიან საქართველოს სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორები მათი აბიტურიენტების შედეგებით - ამ საკითხზე დავუკავშირდით დირექტორებს, რათა მათი აზრი მოგვესმინა.

ცირა ბრეგვაძე, ჭიათურის N2 საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რადგან ჩვენმა აბიტურიენტებმა დასახულ მიზნებს მიაღწიეს, ჩაირიცხნენ იმ ფაკულტეტებზე, რომლებიც მათთვის სასურველი იყო. წელს სკოლაში 44 აბიტურიენტი გვყავდა, დიდმა ნაწილმა გრანტიც დაიმსახურა და თითოეულ მათგანს ლამაზ სტუდენტობის წლებს ვუსურვებ. ასევე, ვუსურვებ არჩეულ პროფესიებში რეალიზებულნი იყვნენ. ეს წარმატება, რასაც ჩვენმა ბავშვებმა მიაღწიეს, ვფიქრობ ყველა მხარის ერთობლივი თანამშრომლობით მიაღწიეს. საგანმანათლებლო პროგრამები და სასკოლო დაწესებულებები იძლევა იმის საშუალებას, რომ დაინტერესებულ მოსწავლეს მიეწოდოს საჭირო ინფორმაცია და სათანადო რეკომენდაციები მიიღონ. პედაგოგები კი ამ ყველაფერში ფასილიტატორები არიან. თუკი, თანამშრომლობა ორმხრივი იქნება, შედეგიც რა თქმა უნდა არ დააყოვნებს.

ნინო გოგელიძე, გენო ადამიას სახელობის სენაკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან 100%-იანი და 70%-იანი გრანტის მფლობელებიც გვყავს. თითქმის უმრავლესობა ჩაირიცხა და რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ. ყველა მათგანს ვუსურვებ წარმატებას და მიზნების ასრულებას. ჩემს სკოლას კი ვუსურვებ ბევრი ასეთი მოსწავლე გვყოლოდეს. მინდა ჩვენი ქვეყანა ესახელებინოთ და ვფიქრობ, მომავალი მათია. ჩვენი აბიტურიენტების წარმატებაში სკოლის პედაგოგებს დიდი წვლილი მიუძღვით, ამას ბავშვების სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტებიც მოწმობს, სადაც ისინი სკოლას და მასწავლებლებს მადლობას უხდიან.

ჟანა ტაბატაძე, მიხეილ მურვანიშვილის სახელობის ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეების შედეგებით კმაყოფილი ვარ, რადგან წარმატებით ჩააბარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები. ვუსურვებდი ისინი ისეთივე წარმატებულები ყოფილიყვნენ უმაღლეს სასწავლებლებში, როგორებიც აქ, ჩვენს სკოლაში იყვნენ.

თამარ ზარნაძე, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეებიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ბევრი გადიოდა, გამოცდები ყველამ ჩააბარა და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში წარმატებით ჩაირიცხნენ. წელს ორი მედლის კანდიდატი გვყავდა - ერთი ოქროს და მეორე ვერცხლის, რომელთაგან ერთ-ერთმა 70%-იანი გრანტიც დაიმსახურა. მინდა, მათ მიერ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა ის ნაბიჯი იყოს, რომელიც დასახულ მიზნამდე მიიყვანთ, მთავარი სწორედ ეს არის. ჩვენს სკოლაში რეპეტიტორობა არ მეფობს, რადგან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და თითოეულ ბავშვს თავს ვევლებით, ვიცით მათი ყველა ნაბიჯი. ვისურვებდი, უფრო მეტი იშრომონ და მეტ წარმატებას მიაღწიონ. საკუთარ თავებზე თუ მეტს იმუშავებენ, შედეგიც უფრო უკეთესი იქნება.

მანანა ლაცაბიძე, ხაშურის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი მოსწავლეებიდან ვინც კი ჩააბარა უმაღლეს სასწავლებლებში ყველა ჩაირიცხა. რაც მთავარია თავად ბავშვები არიან შედეგებით კმაყოფილები. დამრიგებლებს ურეკავენ და ისინი მე მაყენებენ საქმის კურსში. ჩვენს სკოლას წელს 23 კურსდამთავრებული ჰყავდა და მათგან თოთხმეტმა ერთიანი ეროვნული გამოცდები ჩააბარა. მინდა ვუსურვო უფრო მეტი წარმატებისთვის მიეღწიოთ, ისწავლონ ბევრი და ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ ემოქმედოთ.

მიხეილ სართანია, ზვიად გამსახურდიას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ხიბულის საჯარო სკოლის დირექტორი:

ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებით პირადად მე საკმაოდ კმაყოფილი ვარ. პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ამ წარმატებას და მეტ წინსვლას ვუსურვებ. ჩვენს სკოლას არც წელს უღალატია ტრადიციისთვის და სტუდენტები გვყავს. ვინაიდან მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ სამი აბიტურიენტი გვყავდა, მათგან ორმა საკმაოდ კარგი ქულები დაიმსახურა.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203