ბაღების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს შესაფერისი კვალიფიკაცია - დოკუმენტი
31-08-2022

განათლების სტრატეგიის დოკუმენტში, რომელიც მთავრობამ ახლახან დაამტკიცა საუბარია იმ გამოწვევებზე, რომლებიც ამჟამად ფიქსირდება სააღმზრდელო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების მიმართულებით.

„სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პერსონალის დიდ ნაწილს არ აქვს შესაფერისი კვალიფიკაცია. დასაქმებულთა უმრავლესობამ განათლება საბჭოთა კავშირის პერიოდში მიიღო და მას შემდეგ, მოკლებულია პროფესიული გადამზადების შესაძლებლობებს (UNICEF, 2018). ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის მასწავლებელთა უმრავლესობა არ ფლობს მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მეთოდებთან დაკავშირებულ შესაბამის კომპეტენციებს. მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებებით გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, 2017-2019 წლებში გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 25%-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით − 27%-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი კი 60% და უფრო მაღალი, ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 1,5 %-მა დააფიქსირა (სახელმწიფო აუდიტის სამსახური, 2021). პანდემიიდან გამომდინარე, 2020 წელს მასწავლებელთა პროფესიული კომპეტენციის გამოცდა არ ჩატარებულა. რაც შეეხება 2021 წელს, გამოცდაზე საგნობრივი მიმართულებით მინიმალური შედეგი აჩვენა მასწავლებლების საშუალოდ 20 %-მა, ხოლო პროფესიული უნარების მიმართულებით - 25 %-მა. სქემით განსაზღვრული მაქსიმალური შედეგი (60% და უფრო მაღალი), ერთდროულად როგორც საგნობრივი, ასევე, პროფესიული უნარების გამოცდაში, მასწავლებლების მხოლოდ 6,7 %-მა დააფიქსირა.

დაბალია მასწავლებლების პროფესიულ განვითარების აქტივობებში მონაწილეობის მაჩვენებელი. PISA-ს ფარგლებში გამოკითხულ მასწავლებელთა მხოლოდ 37%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობდა პროფესიული განვითარების რაიმე აქტივობაში, რაც ჩამოუვარდება OECD-ის საშუალო მაჩვენებელს, 53 %-ს (UNICEF, 2021)“, - ნათქვამია ოფიციალურ დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203