სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლამ კურიკულუმი უნდა შეადგინოს; მის მნიშვნელობას დეტალურად განმარტავს ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური გზამკვლევი.
დოკუმენტის თანახმად, ეროვნული კურიკულუმი წარმოადგენს სკოლებისთვის გეზის მიმცემ ზოგად ჩარჩოს, ეროვნულ საგანმანათლებლო მეგაპროექტს, რომლის განხორციელების იმდენი გზა არსებობს, რამდენი სკოლაცაა კონკრეტულ საგანმანათლებლო სისტემაში. შესაბამისად, მისი (ეროვნული კურიკულუმის) არსებობა აუცილებლად გულისხმობს სასკოლო კურიკულუმის არსებობასაც.
სკოლებმა საკუთარი პრიორიტეტების, მოსწავლეთა საჭიროებების, ადგილობრივი სასკოლო თემის მოლოდინების, სკოლასა თუ ადგილობრივად ხელმისაწვდომი რესურსების გათვალისწინებით უნდა შეიმუშავონ სასკოლო კურიკულუმი, რომელიც უზრუნველყოფს ეროვნული კურიკულუმის, მისი ხედვისა და ფილოსოფიის კონკრეტული სკოლის კონტექსტში რეალიზებას. მან, ფორმალური (საგაკვეთილო) და არაფორმალური (კლასგარეშე, ანუ ექსტრაკურიკულური) კომპონენტების გამოყენებით, თითოეულ მოსწავლეს უნდა შესთავაზოს მრავალფეროვანი აქტივობები, რომლებიც მჭიდროდ დაუკავშირდება, შეავსებს და გაამდიდრებს მოსწავლის ცხოვრებისეულ გამოცდილებას. ხელს შეუწყობს მოზარდთა მრავალმხრივ „წრთობას,“ მათი გონებრივი, ფიზიკური, ემოციური თუ სოციალური ძალების „ლესვასა“ და განვითარებას. მხოლოდ ამგვარად შეიძლება იქცეს სკოლა მომავალი მოქალაქის ფორმირების კერად.
სასკოლო სასწავლო გეგმა არის დოკუმენტი, რომელიც სკოლის „სავიზიტო ბარათს“ წარმოადგენს. მასში აისახება ინფორმაცია, როგორც სკოლის მისიასა და მიზნებთან, ისე სასწავლო პროცესსა და სკოლის საორგანიზაციო კულტურასთან დაკავშირებით.
2018-2024 წლების ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში სასკოლო სასწავლო გეგმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეროვნული სასწავლო გეგმა განსაზღვრავს ზოგად ორიენტირებს სწავლა-სწავლების მიზნებთან და სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. ამ მიზნების დაკონკრეტება კი სასკოლო კურიკულუმის დონეზე ხდება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სასკოლო სასწავლო გეგმა წარმოადგენს პასუხს შეკითხვაზე - რას აკეთებს კონკრეტული სკოლა ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების მისაღწევად/მისი მოთხოვნების პრაქტიკაში განსახორციელებლად?
სასკოლო კურიკულუმზე მუშაობისას საკვანძო სიტყვებია: ადგილობრივი საჭიროებები და შესაძლებლობები, ჰოლისტური მიდგომა, განვითარება, მონაწილეობითობა.