მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვის არაერთ სიახლეს მოიაზრებს, მათ შორის საფეხურეობრივ სტანდარტებსა და წლიურ პროგრამებს.
თითოეული საგნის სასწავლო გეგმა გაიყო ორ ნაწილად. პირველი ნაწილია საფეხურეობრივი სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს. მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.
რატომ გაჩნდა საგნობრივ სტანდარტებში საფეხურებრივი სტანდარტები და ახალი სტრუქტურული ერთეული „წლიური პროგრამები“? - ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა მკაფიო მიჯნის გავლება ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილებს შორის. წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების დიზაინი ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. წლიური შედეგებისა და ინდიკატორების სისტემა ამ საკითხზე გარკვეულ პასუხს ვერ იძლეოდა. სკოლებს შემოქმედებითი თავისუფლება თითქოს ინდიკატორებში უნდა ეძებნათ, თუმცა ინდიკატორების ფუნქციური დატვირთვა არ იყო ბოლომდე ნათელი (ზოგიერთი ინდიკატორი შედეგს აკონკრეტებდა, ზოგი შეფასების კრიტერიუმი იყო, ზოგი კონკრეტულ აქტივობას წარმოადგენდა).
საფეხურის სტანდარტისა და წლიური პროგრამების შემოტანით ეს პრობლემა მარტივად გადაიჭრა. სტანდარტი წარმოადგენს მოთხოვნებს, წლიური პროგრამა კი მათი რეალიზების შესაძლო გზებს.
გარდა ამისა, წლიური პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საგნობრივი სასკოლო გეგმების გასავითარებლად. წინა თაობების კურიკულუმებში არ იყო ნაჩვენები, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა განაწილებულიყო დროში სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები და როგორ უნდა დაგეგმილიყო თანადროულობაში მოცემული მოთხოვნების ქრონოლოგიურად სწავლა-სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახის დონეზე დანერგვისას სასკოლო სასწავლო გეგმის დამაკვალიანებელი ინსტრუმენტის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. ამას ნათლად ადასტურებს სკოლებში წარმოებული სილაბუსებისა და თემატურ-კალენდარული გეგმების ანალიზი.
სარეკომენდაციო წლიური პროგრამები შეასრულებენ „ხარაჩოს“ ფუნქციას, რომლითაც იხელმძღვანელებს სკოლა და მასწავლებელი სასწავლო პროცესის დასაგეგმად. სურვილისამებრ, მასწავლებელს შეუძლია პირდაპირ გაჰყვეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულ ვარიანტს, ან შემოქმედებითად მიუდგეს საქმეს და მასში გარკვეული ცვლილებები შეიტანოს; ან სულაც გვერდზე გადადოს რეკომენდაციები და იმავე პრინციპების დაცვით ახალი ვარიანტი შექმნას. ამ მხრივ სკოლებსა და მასწავლებლებს თავისუფალი არჩევანი აქვთ.