I კლასის დამრიგებლებს სასწავლო წლის დაწყებამდე მშობლებთან კომუნიკაცია ევალებათ
08-09-2022

დაწყებითი კლასის მასწავლებლებისთვის პირველი კლასის დამრიგებლობა თავისებურ ემოციებთანაა დაკავშირებული. ამაღელვებელია მოსწავლეებთან და მშობლებთან პირველი შეხვედრა, თუმცა თუ პედაგოგი ყველაფერს კარგად დაგეგმავს, მშობლებისა და ბავშვების კეთილგანწყობას სასწავლო წლის დაწყებამდე დაიმსახურებს.

დამრიგებლებმა პატარებისთვის დასარიგებელი წიგნები და ბუკები უნდა გაამზადონ, მორთონ კლასი, დაგეგმონ პირველი დღე და რაც ყველაზე მთავარია, I კლასის მასწავლებლებს სასწავლო წლის დაწყებამდე მშობლებთან კომუნიკაცია ევალებათ.

აუცილებელია თუ არა მშობლებთან შეხვედრა წინასწარ? რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს I კლასის დამრიგებელმა მშობლებს სასწავლო წლის დაწყებამდე?

სკოლის ადმინისტრაცია I კლასის დამრიგებლებს მშობელთა საკონტაქტო ნომრებს სასწავლო წლის დაწყებამდე გადასცემს. აუცილებელია, პედაგოგმა დაურეკოს თითოეულს, გაეცნოს, ჩაანიშნინოს საკუთარი საკონტაქტო ნომერი, რათა საჭიროების შემთხვევაში მშობლები დამრიგებელს მარტივად დაუკავშირდნენ.

მშობლებთან კომუნიკაცია საჭიროა იმ თვალსაზრისითაც, რომ პედაგოგმა მათ აუცილებელი ინფორმაცია დროულად მიაწოდოს, მაგალითად: როდის უნდა გამოცხადდნენ ბავშვები სკოლაში? რომელ საათზე იწყება სწავლა? რა ხანგრძლივობის იქნება გაკვეთილები? როგორი იქნება მათი საგაკვეთილო ცხრილი და ა.შ.

კანონმდებლობის მიხედვით, არ არსებობს რაიმე ჩანაწერი, რომელიც დამრიგებელს სასწავლო წლის დაწყებამდე I კლასის მშობლებთან შეხვედრას დაავალდებულებს, ეს მასწავლებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზებიდან გამომდინარე სატელეფონო კომუნიკაცია აუცილებლად უნდა შედგეს, რათა მშობლები გაურკვევლობაში არ აღმოჩნდნენ და მათ კითხვებს პასუხი დროულად გაეცეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203