„პედაგოგები ახალი წესით მივიღეთ, საგნობრივი ექსპერტები დაგვეხმარნენ“ - დირექტორები სასწავლო წლის სიახლეებზე საუბრობენ
სულ მალე სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება, რისთვისაც საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აქტიური სამზადისია. მოსწავლეები და პედაგოგები 15 სექტემბერს მოუთმენლად ელიან.Etaloni.ge დაინტერესდა, როგორ ემზადებიან სკოლებში მოსწავლეებთან შესახვედრად, მიიღეს თუ არა პირველკლასელებისთვის განკუთვნილი ბუკები, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის კი ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კომპეტენტური პასუხების მისაღებად სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს დავუკავშირდით:
ნანა კენჭოშვილი, ქუთაისის N37 საჯარო სკოლის დირექტორი:სწავლის დაწყებისას საზეიმო ღონისძიებას ყოველთვის ვგეგმავთ. ეს დღე განსაკუთრებით პირველკლასელთათვის გვინდა იყოს საზეიმო. წელს სკოლის კარს 93 პირველკლასელი შემოაღებს, რომელთათვის განკუთვნილი ბუკები ჯერ არ მოსულა, თუმცა დღე-დღეზე ველოდებით. ასევე, ველოდებით მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს.
გახშირებული კოვიდშემთხვევების ფონზე რაიმე სახის რეკომენდაცია ჯერ არ მიგვიღია, თუმცა ყველაფრისთვის მზად ვართ. გვაქვს ყველაფრის მარაგი, რათა სასწავლო პროცესი უსაფრთხო გარემოში წარიმართოს.
ნატო გოჩალეიშვილი, თბილისის N192 საჯარო სკოლის დირექტორი:ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს და ჯერჯერობით რამდენად შევძლებთ 15 სექტემბერს სწავლის დაწყებას არ ვიცით. შესაძლოა თარიღმა 1 კვირით გადაიწიოს. მართალია, სწავლის განახლებას ზეიმი უხდება, თუმცა ამისთვის გარემო პირობებიც უნდა გვიწყობდეს ხელს. პანდემიის გამო წინა წლებში საზეიმო ღონისძიებები რეკომენდებული არ იყო. როდესაც ღონისძიებას ატარებ გინდა არ გინდა, თავყრილობა მაინც იქნება.
წელს ჩვენს სკოლას 9 პირველი კლასი ეყოლება, ჯამში 250-260 პირველკლასელი იქნება. მათთვის ბუკებიც მივიღეთ, რომლებსაც სწავლის დაწყებისას გადავცემთ. მე-10 კლასის გრიფირებულ სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ჯერ არ გვაქვს, თუმცა სულ მალე მივიღებთ.
ახალი სასწავლო წელი ძალიან კარგი სიახლით იწყება, რომელიც მინდა განსაკუთრებულად გამოვყო. წელს, სკოლაში 10 სხვადასხვა საგნის 13 პედაგოგი ახალი წესით მივიღეთ. უკვე რამდენი წელია სკოლებისთვის განკუთვნილ საიტზე ქვეყნდება ვაკანსიები, რომლებსაც აპლიკანტები ნახულობენ და აგზავნიან რეზიუმეებს. შემდეგ სკოლები ვარჩევთ და იწყება გასაუბრება. ასე ხდებოდა გამოცხადებულ ვაკანსიებზე აპლიკანტების შერჩევა. წელს, პირველად მოხდა, რომ მასწავლებელთა შესარჩევ კომისიაში იყვნენ: განათლების სამინისტროს საგნობრივი ექსპერტები, მასწავლებლის სახლის, რესურცენტრის, პროფკავშირების და რა თქმა უნდა ჩვენი სკოლის წარმომადგენლები. ანუ, ჯამში გასაუბრებას 5 გარე ექსპერტი აკვირდებოდა. მოწვეული ექსპერტების უმრავლესობა „თიმსის“ საშუალებით ესწრებოდა გასაუბრებას. ეს იყო ძალიან კარგი, რომ საგნობრივი ექსპერტები დაგვეხმარნენ აპლიკანტების შერჩევაში... მათ ძალიან სწორ დეტალებზე გაგვამახვილებინეს ყურადღება და ეს იყო დიდი სიახლე. თავიდან ამ ყველაფერს სკეპტიკურად ვუყურებდი, თუმცა რეალობამ სულ სხვა რამ აჩვენა. შერჩევა ბევრად მაღალკვალიფიციურად მოხდა და ამით ძალიან კმაყოფილი ვარ.
ენდი ნემსვერიძე ქუთაისის N7 საჯარო სკოლის დირექტორი:ჩვენს სკოლაში ტრადიციად გვაქვს რომ პირველ დღეს ვიკრიბებით ეზოში, აღვმართავთ დროშას და რამდენიმე წუთი საზეიმო ღონისძიებასა თუ მისალმებას ეთმობა. წელს სკოლაში 60 პირველკლასელს ველოდებით, რომელთათვის განკუთვნილ ბუკებსაც სულ მალე მოგვაწვდიან. ასევე, მინდა აღვნიშნო რომ მოსწავლეებისთვის გადასაცემი სახელმძღვანელოები ყველა მიღებულია და შესაბამისად ბავშვებზე გავანაწილებთ.
გახშირებული კოვიდშემთხვევების ფონზე სადეზინფექციო საშუალებები საკმარისი რაოდენობის გვაქვს. დიდი სურვილი გვაქვს, სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ აკადემიურ ჩარჩოში გაგრძელდეს. დამატებით შეზღუდვებს თუ რა თქმა უნდა სახელმწიფო არ დააწესებს, არ ვაპირებთ. ამ წუთას სასწავლო პროცესის დასაწყებად მზად ვართ.
როზა ერისთავი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ სალომიანოს საჯარო სკოლის დირექტორი:15 სექტემბრისთვის სკოლაში პატარა ზეიმს ვგეგმავთ. წელს შვიდ პირველკლასელს ველოდებით, რომელთათვის გადასაცემი ბუკები მივიღეთ. ასევე, მე-10 კლასის მოსწავლეებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების გარდა ყველა გვაქვს. დარჩენილ წიგნებსაც სულ მალე მივიღებთ. სწავლის დასაწყებად გახშირებული ვირუსული შემთხვევებისთვისაც მზად ვართ. სკოლაში სადეზინფექციო საშუალებებითაც საკმარისად ვართ აღჭურვილები. რეგულაციებს თუ შესაბამისი უწყებები კვლავ დააწესებენ ამისთვისაც მომზადებულები ვიქნებით.
ნარგიზ ფირცხალავა, მამუკა სამაკაშვილის სახელობის წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის დირექტორი:მოსწავლეებთან საზეიმო შეხვედრას ყოველ წელს ვგეგმავთ და არც ეს წელი ჩაივლის განსხვავებულად. სიახლეები ბევრი გვექნება, მათ შორის ვაპირებთ სასკოლო პროექტის განხორციელებას, რომელშიც სასკოლო საზოგადოება ერთსულოვნად ჩაერთვება.
წელს, 73 პირველკლასელებს ველოდებით მათთვის განკუთვნილი ბუკები მივიღეთ და გადავცემთ. რაც შეეხება ახალ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ჯერ არ გვაქვს, თუმცა მათაც სულ მალე მოგვაწვდიან. დანარჩენი ყველა კლასის სახელმძღვანელო კი გვაქვს. ასევე, სკოლაში უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული რადგან სადეზინფექციო საშუალებებით სრულად ვართ აღჭურვილები.
იულო ხელაძე, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ, ფერეთის საჯარო სკოლის დირექტორი:15 სექტემბრისთვის აქტიურად ვემზადებით. მოსწავლეებთან განსაკუთრებით კი პირველკლასელებთან შესახვედრად მცირე ზეიმს ვგეგმავთ. ღონისძიება პომპეზური არ იქნება, თუმცა ყველას დააინტერესებს. ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია და წელს ორი პირველკლასელი გვეყოლება, რომელთათვის გადასაცემი ბუკები უკვე გვაქვს. მე-10 კლასელებისთვის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სულ მალე ესეც გვექნება. სადეზინფექციო საშუალებებითაც აღჭურვილები ვართ. თუ იქნება რეკომენდაცია სკრინინგის, დეზობარიერისა და ა.შ. რა თქმა უნდა გავითვალისწინებთ. ამ ეტაპზე სანიტარულ - ჰიგიენური საშუალებები გვაქვს და შესაბამისად ვსარგებლობთ.
გენად მარგველაშვილი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა - მათემატიკის საჯარო სკოლის დირექტორი:სასწავლო წლის პირველ დღეს ტრადიციულად იქნება გახსნის ღონისძიება: მოხდება დროშის აღმართვა პირველკლასელებს მივულოცავთ სწავლის დაწყებას და ასევე, წარმატებულ მოსწავლეებს, რომლებმაც სხვადასხვა ოლიმპიადებზე გვასახელეს დავაჯილდოებთ.
ამ ეტაპზე ჩვენს სკოლაში 200 პირველკლასელია დარეგისტრირებული, სავარაუდოდ 22 ბავშვი დაემატება. პირველკლასელებისთვის განკუთვნილ ბუკებს 15 სექტემბრამდე მივიღებთ. სახელმძღვანელოებს რაც შეეხება, ყველა გვაქვს. ამ ეტაპზე კლასების მიხედვით მიმდინარეობს გამოძახება და წიგნების დარიგება.
მინდა აღვნიშნო, რომ მომატებული კოვიდშემთხვევების ფონზე უსაფრთხოების ყველა ზომა იქნება დაცული - ეს იქნება პირბადეები თუ სადეზინფექციო საშუალებები.
ვაჟა ტყეშელაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის, სოფელ ზედა ბზვანის საჯარო სკოლის დირექტორი:შეძლებისდაგვარად ახალ სასწავლო წელს პატარა ღონისძიება გვექნება. ვინაიდან ჩვენი სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სულ სამ პირველკლასელს ველოდებით, რომელთათვის განკუთვნილი ბუკები უკვე მივიღეთ. ასევე აღვნიშნავ, რომ სკოლაში უსაფრთხო გარემოს შესაქმენლად სადეზინფექციო საშუალებების საკმარისი რაოდენობაც გვაქვს.
ალექსანდრე კერესელიძე, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის დირექტორი:თუ ამინდი ხელს შეგვიწყობს მცირე მისასალმებელი ღონისძიება სკოლის პირველ დღეს ჩატარდება. წელს სკოლაში 50 პირველკლასელს ველოდებით. მათთვის განკუთვნილი ბუკები ჯერ არ მიგვიღია, თუმცა სწავლის დაწყებამდე გვექნება. მე-10 კლასის ახალი გრიფირებული სახელმძღვანელოების გარდა ყველა წიგნი გვაქვს. გახშირებული ვირუსული შემთხვევების ფონზე მინდა აღვნიშნო, რომ თუ შესაბამისი უწყებები რეკომენდაციებს გამოაცხადებენ მზად ვართ შევასრულოთ. ისე კი, სადეზინფექციო საშუალებების მარაგები საკმარისად გვაქვს.
ნინო ბობოხიძე, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუნკურის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:სწავლის დაწყებას ყოველ წელს ტრადიციულად აღვნიშნავთ. იქნება პატარა ღონისძიება. წელს 6 პირველკლასელი გყვეყოლება, რომელთათვის გადასაცემი ბუკები სულ მალე გვექნება. სახელმძღვანელოებიც თითქმის ყველა გვაქვს მე-10 კლასის გარდა, რომელთაც ასევე უახლოეს პერიოდში ველოდებით.
სიახლეების მხრივ მინდა აღვნიშნო, რომ ამ წუთას სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს - კეთდება სკოლამდელი მზაობის ჯგუფი. ასევე, გალამაზდა ეზო და შენობა სადეზინფექციო ხსნარებით შესაბამისად დამუშავდა.