ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ამოცანები - განათლების სამინისტროსგან
15-09-2022

ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩარტულობით სემუსავდა დოკუმენტი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და მეთოდოლოგიური გზამკვლევი, სადაც ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ამოცანები დეტალურადაა განხილული.

სასწავლო გეგმის რევიზიის ძირითად ამოცანას დანერგვის პროცესში გამოვლენილ  პრობლემებზე რეაგირება წარმოადგენს. 2014-2016 წლებში ამ პრობლემების შესასწავლად  გაანალიზებულ იქნა:

  • დაწყებით და საბაზო საფეხურებზე განხორციელებული საკლასო დაკვირვების შედეგები;
  • სკოლის პერსონალის მიერ შემუშავებული საგნობრივი სილაბუსები და თემატურ-კალენდარული სასწავლო გეგმები;
  • სასკოლო სახელმძღვანელოები;
  • საქართველოს სკოლებში ჩატარებული ეროვნული და საერთაშორისი კვლევის შედეგები.

რა პრობლემები გამოვლინდა პირველი და მეორე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის  დანერგვის პროცესში? ანალიზის შედეგებმა აჩვენა, რომ სწავლა-სწავლების პროცესსა თუ საგანმანათლებლო რესურსებში, უმეტეს შემთხვევაში, იგნორირებულია „მოსწავლე სუბიექტის“ პარადიგმისთვის არსებითი პრინციპები, რომელთა დაცვაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აუცილებელია მყარი და საფუძვლიანი ცოდნის კონსტრუირებისათვის.

 

პრობლემათა გაანალიზების დროს გამოიკვეთა სამი მთავარი პრობლემა, რომელთა გადაჭრის გარეშეც წარმოუდგენელია ეროვნული სასწავლო გეგმის შემდგომი დანერგვა-განვითარება:

  1. გრძელვადიანი მიზნების მხედველობის არედან დაკარგვა. ამის გამო გაკვეთილებზე დანაწევრებული, ერთმანეთთან დაუკავშირებელი საკითხების ამოწურვა თვითმიზნადაა ქცეული;
  2. სწავლა-სწავლების ორიენტირება დამახსოვრებაზე (დეკლარატიულ ცოდნაზე) და არა გააზრებასა და შეძენილი ცოდნის სხვადასხვა კონტექსტში გამოყენებაზე (პირობისეულ-ფუნქციურ ცოდნაზე).მიუხედავად გარკვეული ძვრებისა, სწავლა-სწავლება მაინც იგივდება რაიმეს დამახსოვრებასთან და არა მასალის სიღრმისეულ გააზრებასთან. ამის ბუნებრივი შედეგია „საბარგულედ“ ქცეული მოსწავლის გონება, ანუ სქოლასტიკური სწავლება - ურიცხვი საკითხის დამახსოვრებაზე ორიენტირებული სასწავლო პროცესი და საკითხთა ზედაპირული სწავლება;
  3. სრულიად ფორმალური საგნობრივი სასკოლო გეგმები, რაც პრაქტიკულად იმაზე მეტყველებს, რომ სკოლებში არ არსებობს პლატფორმა კურიკულუმის ტიპის პროგრამების განსავითარებლად.

 

მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიისას უმთავრეს მიზანს სწორედ, ამ პრობლემებზე რეაგირება და ამ გზით „მოსწავლე სუბიექტის“ პარადიგმის ამოქმედებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა წარმოადგენდა. შემდეგი ამოცანები დაისახე:

  • გრძელვადიანი მიზნების უფრო მკაფიოდ გამოკვეთა;
  • პროგრამის განტვირთვა და გააზრებული სწავლა-სწავლების ხელშეწყობა;
  • მოსწავლისათვის შინაარსიანი კონტექსტების წინ წამოწევა;
  • სასკოლო კურიკულუმების განვითარების ხელშეწყობა.

ცხადია, ზემოჩამოთვლილი პრობლემები მხოლოდ კურიკულუმის საშუალებით ვერ გადაიჭრება, თუმცა, ეროვნულმა სასწავლო გეგმამ მათ დაძლევაში საკუთარი წვლილი უნდა შეიტანოს. ეროვნული კურიკულუმის დიზაინი იმგვარად უნდა იყოს შერჩეული, რომ იგი თავად კარნახობდეს პედაგოგებს გრძელვადიანი მიზნების, პირობისეულ-ფუნქციური ცოდნისა თუ სასკოლო კურიკულუმების კუთხით არსებული სირთულეების დაძლევის გზებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203