დიაგნოსტიკური შეფასების შედეგები დირექტორებსა და მასწავლებლებს გააცნეს
13-09-2022
9 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პროექტის - „შეფასება განვითარებისათვის" - ფარგლებში ქალაქ ბათუმში სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის  სამუშაო შეხვედრა მოეწყო. 
 
პროექტში ჩართული სკოლების წარმომადგენლებმა მის ხელმძღვანელთან ეკა ჯელაძესთან ერთად  საცდელი ტესტირების შედეგები განიხილეს. შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან, მის სპეციფიკასთან დაკავშირებით და  პროექტის განვითარების მიზნით  ცენტრის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.
 
შეხვედრას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი ესწრებოდნენ. 
 
პროექტის „შეფასება განვითარებისათვის“ შესახებ სკოლების წარმომადგენლების მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე მოეწყო თბილისში, ქუთაისში, სამტრედიაში, ზუგდიდში, ხობში, აბაშაში, ოზურგეთსა და ჩოხატაურში. დღესვე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრა ქობულეთში. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შეხვედრები  საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება. 
 
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით პროექტის ფარგლებში ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა. მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.
 
პროექტის შესახებ: პროექტზე – „შეფასება განვითარებისათვის“ – მუშაობა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2019 წელს დაიწყო. მისი მიზანია ელექტრონული პლატფორმის დახმარებით მეოთხე და მეექვსეკლასელების მიღწევების შეფასება სასწავლო წლის ბოლოს როგორც ქართულ ენასა და ლიტერატურაში (წიგნიერება), ასევე მათემატიკაში (რაოდენობრივი წიგნიერება). ელექტრონული პლატფორმის სისტემურ ადმინისტრირებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს. შედეგები დაეხმარება მოსწავლეებსა და მშობლებს, თვალი ადევნონ სასწავლო პროცესის განმავლობაში მიღწეულ პროგრესს და მიიღონ ინფორმაცია მოსწავლეთა სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. ეს პროექტი სკოლას შესაძლებლობას მისცემს, დააკვირდეს სწავლა-სწავლების ტენდენციებს როგორც ცალკეულ კლასებში, ასევე მთელ სკოლაში. გასათვალისწინებელია, რომ მიღებული ქულები მოსწავლის წლიურ შეფასებაზე არ აისახება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203