იაპონია: საინტერესოა, რომ ამომავალი მზის ქვეყანაში მასწავლებლის დღეს არ აღნიშნავენ. მაგრამ იაპონელებს, ხომ მასწავლებლის კულტი აქვთ. მაშინ რატომ მოხდა ასე?
იაპონიაში მასწავლებელი ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული და პატივსაცემი პროფესიაა. იაპონელ მეწარმეებს ძალიან უხარიათ, როცა მათ მაღაზიებში მასწავლებელი შედის, ამას ისინი დიდ პატივად თვლიან. მეტროში პედაგოგებისთვის ცალკე ადგილები არსებობს, სპეციალურად მათთვის გახსნილია მაღაზიები, ისინი არ დგანან ბილეთის რიგში. მაშინ რაში სჭირდებათ იაპონელ მასწავლებლებს ცალკე დღესასწაული, თუ მათი ცხოვრების ყოველი დღე ისედაც ზეიმია?
არგენტინა: ამ ქვეყანაში მასწავლებლის დღე ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია, მას 11 სექტემბერს აღნიშნავენ. დღე უქმედ ცხადდება, არგენტინელები კი პედაგოგებს დიდი ზარ-ზეიმით ულოცავენ.
აშშ: ამერიკის შეერთებულ შტატებში მასწავლებლებს მთელ კვირას უძღვნიან, მაისის დასაწყისში „მასწავლებლებისადმი მადლიერების კვირეულს“ აღნიშნავენ. იხილეთ - როგორ გამოხატავენ აშშ-ში მასწავლებლებისადმი მადლიერებას მთელი კვირის განმავლობაში?
ჩინეთი: ქვეყანაში მასწავლებლის დღე 28 სექტემბერს - კონფუცის დაბადების დღეს აღინიშნება. მასწავლებლებისთვის დღესასწაულის მისალოცად სკოლაში ყოფილი მოსწავლეები მიდიან. ბავშვები კი მასწავლებლებს ყვავილებს ჩუქნიან და საზეიმო წარმოდგენებს მართავენ.
ინდოეთი: მასწავლებლის დღეს აქ 5 სექტემბერს აღნიშნავენ, ინდოეთის ყოფილი პრეზიდენტის, ფილოსოფოსის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის სარვეპალი რადჰაკრიშნანის დაბადების დღეს. არსებობს საინტერესო ტრადიცია, ამ დღეს მაღალი კლასის მოსწავლეები პედაგოგების როლს ირგებენ და თავად ატარებენ გაკვეთილებს. რა თქმა უნდა, ამ დღეს მოსწავლეები პედაგოგებისადმი მადლიერებას გამოხატავენ და საზეიმოდ ულოცავენ.
კანადა: ამ ქვეყანაში მასწავლებლის დღეს, რომელიც 5 ოქტომბერს აღინიშნება, საზეიმო ხასიათი აქვს. ცოტა ხნის წინ კანადელებმა ამ დღისადმი მიძღვნილი ძვირფასი მარკაც კი გამოუშვეს.
ჩეხეთი და სლოვაკეთი: პროფესიულ დღეს მასწავლებლებს 28 მარტს ულოცავენ. სწორედ ამ დღეს დაიბადა მორავიაში იან ამოს კომენსკი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი მასწავლებელი. კომენსკის პატივსაცემად კონკურსი Golden Amos ტარდება, სადაც ჯილდოს ნომინანტებს თავად მოსწავლეები ასახელებენ.
მასწავლებლის დღე 28 წლის წინ - 1994 წელს იუნესკოსა და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის წყალობით დაარსდა. წინაპირობა გახდა დოკუმენტი მასწავლებელთა სოციალური სტატუსის შესახებ, რომელსაც ხელი პარიზში მოეწერა.