რა ვალდებულებები აკისრია ბაღს ბავშვების წინაშე?
06-11-2022
საქართველოში ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ბავშვების წინაშე ვალდებულებები აკისრიათ, რომელთაც კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ აწესრიგებს. 

კანონში ვკითხულობთ, რომ დაწესებულება ვალდებულია ბავშვები ძალადობის სხვადასხვა ფორმისგან დაიცვას. ასევე, მსგავსი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამის სახელმწიფო ორგანოს აცნობს.

„დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგი, აღმზრდელი და სხვა პერსონალი ფლობდნენ და იყენებდნენ არაძალადობრივი მოპყრობისა და აღზრდის მეთოდებს, აგრეთვე მათ ჰქონდეთ ინფორმაცია ბავშვის მიმართ ძალადობის შედეგებისა და პასუხისმგებლობის ფორმების თაობაზე.

დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგის, აღმზრდელისა და სხვა პერსონალის მომზადება და გადამზადება უნდა მოიცავდეს მათ სწავლებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების პრინციპის დაცვის, ბავშვის მიმართ ძალადობის დაუშვებლობის, ბავშვის მიერ საკუთარი ქცევის რეგულირების ეფექტიანი მექანიზმებისა და უსაფრთხო და არაძალადობრივი გარემოს უზრუნველყოფისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების თაობაზე.

დაწესებულება  ვალდებულია უზრუნველყოს ბავშვზე ძალადობის თავიდან აცილება (მათ შორის, ბავშვის მშობლის კანონიერი წარმომადგენლის განათლება და ინფორმირება), იდენტიფიკაცია, შეფასება, მის შესახებ შეტყობინება და მასზე შესაბამისი რეაგირება ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების შესაბამისად.

ბავშვზე ძალადობის გამოვლენისა და ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში გამოყოს ბავშვთა მიმართ ძალადობის თავიდან აცილებისათვის და ბავშვთა ძალადობისგან დაცვისათვის პასუხისმგებელი პირი“,- ვკითხულობთ კანონში.

გარდა სხვა ვალდებულებებისა, დაწესებულება ასევე ვალდებულია ხელი შეუწყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების პროცესში ბავშვის სპორტულ აქტივობას, რომლის მიზანი უნდა იყოს ადრეულ ასაკში ბავშვის ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203