მანდატურები კიდევ 73 საჯარო სკოლაში შევლენ - დეტალები
19-09-2022
2022-2023 სასწავლო წლიდან მანდატურის სამსახური დამატებით 73 სკოლაში შევიდა. საგანმანათლებლო დაწესებულების ახლადდანიშნული მანდატურები საჯარო კონკურსის წესით შეირჩნენ და გადამზადება შსს აკადემიაში გაიარეს. სასკოლო სივრცეში მუშაობას ისინი ახალი სასწავლო წლის პირველი დღიდან შეუდგნენ.
ამჟამად, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური, ქვეყნის მასშტაბით, 680 საჯარო სკოლაშია წარმოდგენილი, სადაც მოსწავლეთა საერთო რაოდენობის 90 პროცენტი სწავლობს. მანდატურის სამსახურის მომსახურებით, ასევე, კერძო სკოლები და პროფესიული სასწავლებლებიც სარგებლობენ.
ამავდროულად, იზრდება განათლების სისტემაში დასაქმებული სოციალური მუშაკების რაოდენობა. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრს მიმდინარე წლის ბოლომდე უკვე 110-მდე სოციალური მუშაკი ეყოლება, რომლებიც მოსწავლეებს, მათ მშობლებს, პედაგოგებსა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლებს სოციალური მუშაობის მომსახურებას გაუწევენ.