მშობელს სკოლიდან შვილის პირადი საქმის გატანის უფლება არ აქვს - როგორ უნდა გადაეცეს მიმღებ სკოლას მოსწავლის პირადი საქმე მობილობის დროს?
03-12-2022

მოსწავლეთა პირადი საქმის წარმოება პირველი კლასიდან იწყება. მისი მიზანია, სკოლაში ჩარიცხული მოსწავლეების შესახებ ინფორმაციის სისტემატიზაცია.

პირად საქმეში უნდა ჩაიწეროს როგორც პირადი მონაცემები, ასევე სწავლის განმავლობაში მოსწავლის შეფასებისა და აქტიურობის შესახებ ინფორმაცია.

მოსწავლის პირადი საქმის წარმოება გრძელდება 12 წელი. დოკუმენტში ინახება მოსწავლის შეფასებები დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. პირადი საქმეების შევსებაზე, დაცვასა და შენახვაზე პასუხისმგებლობა კი დამრიგებელს, დირექციასა და საქმისმწარმოებელს აკისრიათ.

კანონმდებლობის თანახმად, დაუშვებელია, მოსწავლის პირადი საქმის გადაცემა ნებისმიერი პირისთვის, თავად მოსწავლისა და მისი მშობლისთვისაც კი.

მოსწავლის მშობლის, მეურვის, მზრუნველის, კანონიერი წარმომადგენლის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ მოსწავლის პირადი საქმის გამოთხოვის შემთხვევაში დედანის ნაცვლად გაიცემა დირექტორის ბეჭდით დამოწმებული ასლი, რომლის საფუძველზეც დაუშვებელია მოსწავლის სხვა სკოლაში ჩარიცხვა.

როგორ უნდა გადაეცეს მიმღებ სკოლას მოსწავლის პირადი საქმე მობილობის დროს?

მოსწავლის პირადი საქმის დედნის გატანა დასაშვებია მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი წესით მოსწავლის მობილობისას, მიმღები სკოლიდან წერილობითი მოთხოვნის წარმოდგენის შემთხვევაში. გასაგზავნად გამზადებული მოსწავლის პირადი საქმე თავსდება კონვერტში, ფორმდება საფოსტო გზავნილად და მიმღებ სკოლას ეგზავნება დალუქულ მდგომარეობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაში სკოლაში, რომლიდანაც გადადის მოსწავლე, რჩება მოსწავლის პირადი საქმის, დირექტორის მიერ ბეჭდით დამოწმებული ასლი.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203