სკოლას ინკლუზიურ განათლებაში ჩართული 8 სპეციალისტის დასაქმება შეუძლია - მოვალეობები დეტალურად
24-09-2022

საჯარო სკოლებში ინკლუზიურ განათლებაში ჩართულ სპეციალისტებად, ძირითადად, სპეციალური მასწავლებელი და ფსიქოლოგი მოიაზრებიან. რეალურად კი სკოლას, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვა სპეციალისტებს დასაქმებაც შეუძლია.

სპეციალური მასწავლებლისა და ფსიქოლოგის გარდა ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები არიან: ოკუპაციური თერაპევტი, ენისა და მეტყველების სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ჟესტური ენის სპეციალისტი, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი.

რა ევალება თითოეულ მათგანს?

სპეციალური მასწავლებელი არის პედაგოგი, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის დაწყებით საფეხურზე და ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროცესში მის ჩართვას როგორც დაწყებით, ასევე საბაზო ან საშუალო საფეხურზე;

ფსიქოლოგი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირია, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა კოგნიტურ, აკადემიურ, სოციალურ და ფუნქციონალურ უნარებს აფასებს, მონაწილეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენისა და  განხორციელების პროცესში, უწევს კონსულტირებას სსსმ მოსწავლის კანონიერ წარმომადგენელს, მასწავლებლებსა და სხვა სპეციალისტებს, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლების სტრატეგიების და ქცევის მართვის შესახებ;

ოკუპაციური თერაპევტი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სსსმ მოსწავლის სკოლის გარემოში ეფექტური ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი უნარების შეფასებას და განვითარებას თერაპიული ჩარევის, აქტივობებისა და გარემოს მორგების, ადაპტური საშუალებების შერჩევისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირების გზით;

ენისა და მეტყველების სპეციალისტი არის შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს ენისა და მეტყველების დარღვევის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის ენობრივი, სამეტყველო და კომუნიკაციური უნარების შეფასებასა და განვითარების ხელშეწყობას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის განათლებაში ჩართული პირების კონსულტირებას;

ჟესტური ენის თარჯიმანი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უზრუნველყოფს სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ქართული ენიდან ქართულ ჟესტურ ენაზე და პირიქით, ქართული ჟესტური ენიდან ქართულ ენაზე თარგმანს;

ჟესტური ენის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც სმენის დარღვევის მქონე/ჟესტური ენის მომხმარებელ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეს ასწავლის ქართულ ჟესტურ ენას;

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის ასისტენტი არის პირი, რომელიც ინდივიდუალურ მხარდაჭერას უწევს სსსმ მოსწავლეს სხვადასხვა საგანმანათლებლო და ფუნქციური აქტივობის დროს;

მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი – შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პირი, რომელიც უსინათლო და მცირე მხედველ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს მობილობასა და სივრცეში ორიენტაციას ასწავლის.

სკოლას შეუძლია, საჭიროების შემთხვევაში (თუ სკოლაში სწავლობს მოსწავლე, რომელსაც სპეციალისტი სჭირდება), ზემოთ ჩამოთვლილი სპეციალისტებიდან ერთი ან რამდენიმე დაიქირაოს. ეს დირექციის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან მათი შრომის ანაზღაურება სკოლის ბიუჯეტიდან გაიცემა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203