სამხედრო საქმე, საქართველოს ისტორია, ჭადრაკი... - რას ფიქრობენ დირექტორები სასწავლო წლის სიახლეებზე
21-09-2022
საქართველოს საჯარო სკოლები ახალ 2022-2023 სასწავლო წელს მნიშვნელოვანი სიახლეებით შეხვდნენ. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, მათ რამოდენიმე ცვლილება შესთავაზა, როგორებიცაა მაგალითად, პირველ კლასში ჭადრაკის შესწავლა, „საქართველოს ისტორიის“ დამოუკიდებელ საგნად სწავლა და სხვა; სიახლეების მხრივ ასევე, აღსანიშნავია ზოგიერთ სკოლაში საგანმანათლებლო პროექტის „სამხედრო საქმის“ პილოტირება.

etaloni.ge საჯარო სკოლების დირექტორებს დაუკავშირდა, რათა გაგვეგო, თავად ისინი, სამინისტროს ინიციატივებიდან რომელ სიახლეს მიიჩნევენ ყველაზე მნიშვნელოვნად და რატომ.

თამაზ აბაშიძე, თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლის დირექტორი:

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული სიახლეებიდან პირველ რიგში „სამხედრო საქმეს“ გამოვყოფდი, რადგან ჩვენი სკოლა ერთ-ერთია, სადაც მისი შესწავლა დაიწყება. ამ საგანს ბავშვებისთვის შესწავლა, ჩვენი სოფლის მკვიდრ ოფიცერს შეუძლია. შერჩეულია რამდენიმე ყოფილი და მოქმედი სამხედრო მოსამსახურე, რომლებსაც შეუძლიათ მოსწავლეებს საგანი შეასწავლოს. ამ საგნის შესწავლა პირადად მე მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუმცა გარკვეული სირთულე არსებობს... სასწავლო გეგმა გადატვირთულია და საათების ჩასმა ძალიან გაჭირდა. მაგალითად მე-9 კლასში 33 აკადემიური საათია და შეძლება ბავშვს დარჩენა მე-8 და მე-9 გაკვეთილებზე მოუწიოს, რაც შეუძლებელია. აქედან გამომდინარე, მასწავლებლის თითო დღით დატვირთვა მოგვიწევს.

სიახლეებიდან ასევე გამოვყოფდი საქართველოს ისტორიის ცალკე საგნად სწავლებას. ქართული განათლების სისტემის დიდი ნაკლი იყო, რომ აქამდე ცალკე საგნად არ ისწავლებოდა. ამ ცვლილებას მივესალმები და ძალიან კარგია. ასევე, მისასალმებელია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ბილინგვური მიდგომით სწავლების განხორციელება, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას ნამდვილად შეუწყობს ხელს. ვფიქრობ, საქართველოში მცხოვრებმა ადამიანებმა ქართული უნდა იცოდნენ.

მარინა სახვაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ უბისის საჯარო სკოლის დირექტორი:

მართალია ჩვენი სკოლა საბაზოა, თუმცა სიახლე რომლის მიხედვითაც „საქართველოს ისტორია“ ცალკე საგნად შეისწავლება ძალიან კარგია. რა სიახლეებიც წელს ინერგება მივესალმები და ვთვლი, რომ საჭიროა. მიხარია ეს ყველაფერი. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ჭადრაკის სწავლების დაწყება. ვფიქრობ, ბავშვებს გონებრივ განვითარებაში ძალიან დაეხმარება.

მზექალა მინაძე, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლეებიდან ჩვენს სკოლაში ჭადრაკი სასწავლო ცხრილში ჩაისვა და ბავშვები მას საფუძვლიანად ისწავლიან. ჭადრაკი აზროვნებასთან არის დაკავშირებული და ბავშვებს სწორედ ამ კუთხით დაეხმარება. დანარჩენ სიახლეებს რაც შეეხება, განათლების სამინისტრომ თუ გადაწყვიტა, რომ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ესე იგი ასეც არის. თუმცა, აღვნიშნავდი, რომ „სამხედრო საქმის“ სწავლება ძალზე საინტერესოა. ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, მაგრამ მოსწავლეებს ელემენტარული განათლება ამ კუთხით აუცილებლად უნდა ჰქონდეთ.

გურამ ნათენაძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვების საჯარო სკოლის დირექტორი:

რა თქმა უნდა პირველ რიგში გამოვყოფდი „საქართველოს ისტორიას“. ეს ადრეც უნდა გაკეთებულიყო, რადგან აქამდე როგორც ისწავლებოდა იყო არაეფექტური. ვთვლი, რომ ბავშვებმა საკუთარი ქვეყნის ისტორია აუცილებლად უნდა იცოდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია ჭადრაკის სწავლება, რაც ბავშვების გონებრივ განვითარებას უწყობს ხელს. ერთადერთი ვფიქრო, პირველი კლასიდან მისი სწავლება ცოტა რთულია. აჯობებდა ეს მეორე ან მესამე კლასიდან დაწყებულიყო. პირველი კლასი ეს ის დროა, როდესაც ბავშვი სკოლაში პირველ ნაბიჯებს დგამს. ეს წელი მისთვის შეგუების და თავის დამკვიდრებისთვის უნდა იყოს გამოყოფილი და სხვადასხვა საგნებით არ დაიტვირთონ... თუმცა, ეს ყველაფერი დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. პირადად ჩვენს სკოლაში ორი სიახლე - „საქართველოს ისტორია“ და ჭადრაკის სწავლება დაინერგა.

ირაკლი დამენია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

შემოთავაზებული სიახლეებიდან ჭადრაკი ძალიან კარგია, რადგან მოსწავლეებში აზროვნების ამაღლებას უწყობს ხელს. რაც შეეხება „საქართველოს ისტორიას“ ესეც ძალიან კარგია, რომ ცალკე საგნად ისწავლება. ადრე, როდესაც საქართველოს და მსოფლიო ისტორიები იყო გაერთიანებული კარგი არ გახლდათ. სიახლეებში ასევე, სპორტული სიახლეებიც, მაგალითად რაგბი გაჟღერდა. ვფიქრობ, ამას შესაბამისი ინფრასტრუქტურა სჭირდება, რაც ძირითადად არ არის. თუმცა, მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის გასაუმჯობესებლად ეს ძალიან კარგია და სასწავლო პროცესში მეტი სპორტული აქტივობები თუ მოემატება მხოლოდ მისასალმებელი იქნება. 

გურამ ლომსაძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პტენის საჯარო სკოლის დირექტორი:

მე მაგალითად, „საქართველოს ისტორისს“ ცალკე საგნად სწავლებას გამოვყოფდი, რადგან აუცილებელია. ბავშვებს უფრო კარგად ეცოდინებათ ჩვენი ქვეყნის წარსული, რადგან თუნდაც გამოცდებში საქართველოს ისტორიის საკითხები უფრო ბევრია ვიდრე ძველი და ახალი მსოფლიო ისტორია. ჩვენს სკოლაში ჭადრაკის სწავლება დაინერგა მხოლოდ. ესეც მნიშვნელოვნად მიმაჩნია, თუნდაც იმიტომ რომ შეიძლება სკოლაში სწავლების წყალობით, რომელიმე მოსწავლე დაინტერესდეს და მომავალი მას დაუკავშიროს. ჭადრაკი ასევე, გონების სავარჯიშოცაა.

ჩვენი სკოლა მართალია ქართულენოვანი სკოლაა,თუმცა ძალიან მივესალმები დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის ბილინგვური მიდგომით სწავლების განხორციელებას, რაც ქართული ენის შესწავლის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. თუნდაც შეჯიბრებები რომ ავიღოთ ქართველ და არაქართულეონოვან მოსწავლეებს შორის ენობრივი ბარიერი ძალიან დიდია. მსგავსი მიდგომა დირექტორებზე და მასწავლებლებზეც თუ დაინერგება ძალიან კარგი იქნება.

მარინა თორდინავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ოჩეს საჯარო სკოლის დირექტორი:

სიახლეებიდან პირადად მე ჭადრაკს გამოვყოფდი, რადგან ზრდის გონებრივ შესაძლებლობებს და ბავშვებს გადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება, ეს თავის მხრივ საგნების სწავლაზეც აისახება.

ლამზირა ჭალიძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენს სკოლაში წლევანდელი სიახლეებიდან ჭადრაკის სწავლება დაინერგა. ვფიქრობ, მისი მოსწავლეებისთვის შესწავლა მნიშვნელოვანია, რადგან ჭადრაკი უძლიერესი საგანია, რომლის საშუალებით ბავშვს მაღალი გონებრივი განვითარება უყალიბდება. ასევე, სწავლობს და ივითარებს ლოგიკურ აზროვნებას.

მიხეილ ნაჭყებია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ სიახლეებიდან ჭადრაკი, „სამხედრო საქმე“ და „საქართველოს ისტორია“ სკოლებში აქამდეც შემოსატანი იყო. ჩვენი ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარე ვფიქრობ, მოსწავლეებმა სამხედრო საქმე უნდა იცოდნენ, ასევე ისტორია და ჭადრაკი, რომელიც გონებრივი განვითარებისთვის საუკეთესო საშუალებაა. ჩვენს სკოლაში მხოლოდ ჭადრაკი და „საქართველოს ისტორია“ დაინერგა.

პირადად მე მიმაჩნია, რომ პირველი კლასიდან ასევე სამედიცინო სწავლებაც უნდა იყოს სავალდებულო. ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე უნდა იცოდნენ მავნე ჩვევების სავალალო შედეგები, რათა ნორმალურ მოქალაქეებად გაიზარდონ. ასევე, ყურადღებას გავამახვილებდი მათემატიკასა და უცხო ენების სწავლებაზე.

ვარდო ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილის საჯარო სკოლის დირექტორი:

ყველა ის საგანი, რომლებიც მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაშია გათვალისწინებული ვფიქრობ, მნიშვნელოვანი და აუცილებელია. ყველა სიახლე საინტერესო და მრავალფეროვანია. რა თქმა უნდა მათ გარკვეული პრობლემები მოსდევს, თუმცა დაუძლეველი არაფერია. გამოწვევებს ვღებულობთ და ვჭრით. ჩვენი სკოლა პროცესებში აქტიურად ჩართულია. ჩვენს სკოლაში მაგალითად ბავშვებთან კონსულტაციის გავლის შემდგომ პირველ ეტაპზე ხელოვნება აირჩა. სიახლეებში ასევე გაჟღერდა „სამხედრო საქმე“. სხვათა შორის ეს ადრეც ისწავლებოდა რაც ბავშვებისთვის ძალზე საინტერესო და კარგი იყო. სახელმძღვანელო უშუალოდ არ ვიცი, როგორია თუმცა მნიშვნელოვან სიახლედ მიმაჩნია.ჩვენთან არ ისწავლება, თუმცა რომ შემოსულიყო მივიღებდით.

სოსო წულაია, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ხუნწის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი სკოლა საბაზოა აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჭადრაკის სწავლება დაინერგა. აღნიშნულ სიახლეს მივესალმები, რადგან მოსწავლეებს კოგნიტურ უნარებს უვითარებს. ზედა კლასებში ბავშვებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეები დაინარგა, რასაც დადებითად ვაფასებ პირადად მე. მათ შორის, როგორც ვიცი მაღალი კლასის მოსწავლეები „სამხედრო საქმეს“ ისწავლიან, რაც ძალიან კარგია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203