„უნდა გაიზარდოს რესურსცენტრების ფუნქციები“ - დეტალები
25-09-2022

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, მნიშვნელოვანია მოქმედი სისტემის მოდერნიზება - ამის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტშია საუბარი, სადაც ასევე ყურადღება გამახვილებულია რესურსცენტრების ფუნქციის გაზრდაზე:

„თავის მხრივ, უნდა გაიზარდოს რესურსცენტრების ფუნქციებიც და ისინი უნდა იქცნენ რაიონის დონეზე რეფორმის მთავარ განმახორციელებლებად; კერძოდ, მათ უნდა შეეძლოთ შინაარსობრივი ხასიათის საკითხების მოგვარება ადგილზე. ისინი უნდა ხელმძღვანელობდნენ თავიანთ რაიონში არსებულ საგნობრივ ექსპერტთა ჯგუფებს. გარდა ამისა, უნდა ჰქონდეთ ლოკალურ დონეზე ინტერვენციების დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობა საერთო პოლიტიკის ფარგლებში.

მხარდაჭერის სისტემის პარალელურად, უნდა ჩამოყალიბდეს მონიტორინგის სისტემაც. მონიტორინგის ერთ-ერთ მთავარ ბერკეტს წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის კვლევა, რომელიც ტარდება ნახევრად სტრუქტურირებული ინტერვიუების მეთოდით. საშუალო საფეხურის დანერგვის პროცესში საჭირო იქნება მისთვის უფრო მასშტაბური ხასიათის მიცემა.

გარდა ამისა, გარე კვლევებში უნდა ჩაებან დამოუკიდებელი ორგანიზაციები (პროფესიული გაერთიანებები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მკვლევრები), რომლებიც წვლილს შეიტანენ პროცესების კვლევასა და განვითარებაში. იგივე ორგანიზაციებმა შესაძლოა სკოლებს სხვადასხვა მიმართულებით მიზნობრივი დახმარებაც აღმოუჩინონ“, - ნათქვამია ახალ ესგ-ში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203