„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი - მასწავლებელთა განსჯის საშუალება თუ განვითარების გზა?
22-09-2022

„კრიტიკული მეგობრის” ინსტიტუტი მასწავლებლებს შორის თანამშრომლობის გაღვივების ეფექტური გზაა იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგები პროფესიული განვითარების ამ მეთოდს სწორად აღიქვამენ.

ამ დროს პედაგოგები კოლეგებს უნდა ისწრებდნენ და ესწრებოდნენ გაკვეთილზე, მონაწილეობდნენ პროფესიულ დისკუსიებში.

„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტის დამკვიდრებას კათედრის ხელმძღვანელმა უნდა შეუწყოს ხელი. ეს მასწავლებლების პროფესიული ზრდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი ფოკუსირებულია კოლეგიალური ურთიერთობების განვითარებაზე, თანამშრომლების ძლიერი და სუსტი მხარეების დადგენაზე. ასეთ დროს დაუშვებელია განსჯა.

მასწავლებლები იმიტომ კი არ უნდა დაესწრონ ერთმანეთს გაკვეთილებზე, რომ შემდგომ ერთმანეთის სუსტი მხარეები გამოიტანონ გარეთ, არამედ იმიტომ, რომ დაეხმარონ კოლეგას პროფესიულ ზრდასა და განვითარებაში.

„კრიტიკული მეგობრის“ ინსტიტუტი დადებითად აისახება როგორც თავად მასწავლებლებზე, ასევე სწავლა-სწავლების პროცესზე. მასწავლებლის მიერ, მეგობრის დახმარებით, სუსტი მხარეების გაანალიზება ნიშნავს, რომ გაკვეთილების ხარისხი გაიზრდება, ეს კი მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზეც აისახება.

„კრიტიკულ მეგობარს“ ანუ კოლეგას, რომელიც მასწავლებელს დაესწრება, უფლება აქვს, პედაგოგს მისცეს რჩევა, თუმცა ორივე მხარეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ ისინი მეგობრები არიან და ეს პროცესი განსჯასა და კამათში არ უნდა გადაიზარდოს, პირიქით, კოლეგებმა ერთმანეთის პროფესიულ ზრდაზე და სუსტი მხარეების გამოსწორებაზე უნდა იზრუნონ.

„კრიტიკულმა მეგობარმა“ კოლეგას არგუმენტებით უნდა განუმარტოს თუ რის გამო აკრიტიკებს, თავად კრიტიკა უნდა იყოს ღირებული, განვითარებისკენ მიმართული და კოლეგის საჭიროებაზე მორგებული. აქვე გასათვალისწინებელია, რომ „კრიტიკული მეგობარი“ პედაგოგს მისივე თხოვნის საფუძველზე უნდა დაესწროს და არა - მოულოდნელად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203