კათედრის წევრები ყოველი ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე უნდა შეიკრიბონ და წლიურ სამოქმედო გეგმაზე იმუშაონ. სწორედ, კათედრის სხდომაზე იგეგმება მიმდინარე სასწავლო წელს განსახორციელებელი კომპლექსური დავალებები.
კომპლექსური დავალებები საგნობრივ სასწავლო გეგმაში (კურიკულუმში) უნდა იყოს გაწერილი. ერთი და იმავე საგნის პედაგოგებს უფლება აქვთ, კომპლექსური დავალებები ერთად დაგეგმონ და პარალელურ კლასებში ერთი და იმავე კომპლექსური დავალება განახორციელონ. თუმცა თუ მასწავლებელს თავად მოუნდება კომპლექსური დავალების პირობის ინდივიდუალურად შედგენა და თავის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგება, ის შეზღუდული არაა. ასეთ დროს მას, კოლეგიალურობიდან გამომდინარე, შეუძლია კათედრის ხელმძღვანელს შეატყობინოს, რომ გარდა ერთობლივად დაგეგმილი კომპლექსური დავალებისა, კლასში სხვა კომპლექსური დავალების განხორციელებასაც აპირებს.
მასწავლებელს კომპლექსური დავალების დაგეგმვა თითოეული თემის ფარგლებში შეუძლია. ამ ტიპის დავალება სტანდარტული დავალებისგან იმით განსხვავდება, რომ მის შესრულებას რამდენიმე გაკვეთილი სჭირდება და მასზე მუშაობისას აქტიურდება ცოდნის სამივე კატეგორია.
კომპლექსური დავალებების დაგეგმვისას მასწავლებელს შეუძლია, ისარგებლოს სამინისტროს მიერ შექმნილი რესურსით - კომპლექსური დავალებების ბანკით, რომელიც საგნებისა და საფეხურების მიხედვითაა დახარისხებული. როგორც აღვნიშნეთ, გარდა მზა რესურსისა, პედაგოგს ასევე შეუძლია, თავის მოსწავლეების საჭიროებებზე მორგებული კომპლექსური დავალების პირობის შექმნა და მისი განხორციელება.
იხილეთ ასევე: რამდენი კომპლექსური დავალება უნდა დაგეგმოს პედაგოგმა სასწავლო წლის განმავლობაში?
კომპლექსური დავალების 9 წესი, რომელიც ყველა პედაგოგმა უნდა გაითვალისწინოს - სამინისტრო განმარტავს