ბაღში სიარული ბავშვებისა და თავიანთი მშობლებისათვის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯია. აღსაზრდელებს ის უნარები უვითარდებათ, რაც ყოველდღიურობაში გამოადგებათ. გარდა ამისა, ბაღი ძლიერი საფუძველია მომავალი სასკოლო განათლებისთვისაც.
მიუხედავად ამისა, არის აზრთა სხვადასხვაობა იმის შესახებ, რამდენად საჭიროა, რომ ბავშვებმა ბაღში იარონ.
ამ საკითხის შესახებ საკუთარ მოსაზრებას უცხოელი ექსპერტი გვაცნობს.
საბავშვო ბაღი ბავშვებისთვის უდიდესი გამოცდილებაა. ისინი თამაშისა და თანატოლებთან ურთიერთობისას იზრდებიან და ვითარდებიან. გარდა ამისა, გარემო, რომელიც ბაღშია შექმნილი, მოსწავლეებს თავს უსაფრთხოდ აგრძნობინებს, ასე ისინი მეტად თავდაჯერებულები ხდებიან.
საბავშვო ბაღი ბავშვების ცოდნას აღრმავებს და გარესამყაროსთან, ოჯახთან, მეგობრებთან და საკუთარ თავთან კავშირის დამყარებაში ეხმარება.
სააღმზრდელო პროგრამები მთლიანად აღსაზრდელების ინტერესებზეა მორგებული. სწორედ ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ თქვენი შვილები კიდევ უფრო მეტად განვითარდნენ.
ბავშვებს ბაღში, დამოუკიდებლობის გამო, ინდივიდუალიზმის ძლიერი გრძნობა უყალიბდებათ. ეს კი შესაძლებლობას აძლევთ, გარესამყაროს კარგად დააკვირდნენ და საკუთარი თავი იპოვონ.
ფიზიკურ აქტივობებში ხშირი ჩართულობის გამო, ისინი მეტად ლაღები არიან. ამასთანავე, აქვთ შესაძლებლობა, რომ პრაქტიკული დავალებების საშუალებით ისწავლონ. ამ დროს კი ბავშვებს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი კიდევ უფრო მეტად უვითარდებათ.
საბავშვო ბაღის გარემო საშუალებას იძლევა, რომ ბავშვებმა შემოქმედებითად და ამავდროულად, პრაქტიკულადაც იაზროვნონ. მათთვის თანატოლებთან ურთიერთობა და აქტივობებში ჩართულობა, შესაძლოა, შთაგონების წყარო იყოს.
როგორც წესი, ბავშვების დიდი ნაწილი კომუნიკაბელური და აქტიურია, თუმცა არიან ისეთებიც, ვისაც კონტაქტის დამყარება უჭირთ. ბაღი მათთვის ძალიან კარგი საშუალებაა. იმ გარემოში, სადაც ამდენი აღსაზრდელია, მათაც მოუწევთ სხვისკენ ნაბიჯის გადადგმა და ნელ-ნელა გარშემომყოფებთან კონტაქტის დამყარება გაუადვილდებათ.
შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებისთვის საბავშვო ბაღში სიარული, მათი მომავალი განვითარებისთვის, სასარგებლო და აუცილებელია.