რატომ ერიცხებათ მასწავლებლებს სექტემბრის ხელფასი გვიან?
26-09-2022

მასწავლებელთა ნაწილს ხელფასი სტატუსის დანამატის გარეშე დაერიცხა, ნაწილი კი შრომის ანაზღაურებას ჯერ კიდევ ელის.

პედაგოგებს შორის ხელფასის დაგვიანებამ გაუგებრობა და უკმაყოფილება გამოიწვია.

რატომ ირიცხება სექტემბერში მასწავლებლების ანაზღაურება გვიან? რატომ მოხდა, რომ პედაგოგთა ნაწილმა ხელფასი სტატუსის დანამატის გარეშე მიიღო, ნაწილს კი საერთოდ არ აუღია?

მასწავლებლებისთვის სექტემბრის შრომის ანაზღაურება სხვა თვეებისგან განსხვავებულად ანგარიშდება. 15 სექტემბრამდე (ანუ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე) პედაგოგებს ხელფასი გასული სასწავლო წლის საათობრივი დატვირთვის შესაბამისად უანგარიშდებათ, 15 სექტემბრის შემდეგ კი ახალი სასწავლო წლის საათობრივი დატვირთვის მიხედვით. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში მასწავლებელთა ნაწილს სტატუსი ეცვლება (მაგალითად, მაძიებელს ან სკოლაში ახლადდასაქმებულს ენიჭება უფროსის სტატუსი), განახლებული დაანგარიშების გამო იგვიანებს სტატუსის დანამატებიც. ზოგიერთი სკოლა სექტემბრის ხელფასს ორ ნაწილად რიცხავს, პედაგოგები ჯერ საათობრივი დატვირთვის ანაზღაურებას იღებენ, სექტემბრის ბოლო დღეებში კი - სტატუსის დანამატს, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ნაწილი კი სტატუსის დანამატების ჩარიცხვას ელოდება და მასწავლებლებს შრომის ანაზღაურებას მოგვიანებით, თუმცა მთლიანად ურიცხავს.

სწორედ აქედან გამომდინარე, პედაგოგების ნაწილმა საათობრივი დატვირთვის ანაზღაურება უკვე მიიღო და სტატუსის დანამატს ელოდება, ნაწილისთვის კი სექტემბრის ხელფასი სტატუსების დანამატის ჩარიცხვამდე დაიგვიანებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203