დიაგნოსტიკურ შეფასებაზე მასწავლებლებმა და დირექტორებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აგრძელებს პროექტის – „შეფასება განვითარებისათვის“ – ფარგლებში საქართველოს სკოლების დირექტორებისა და მასწავლებლებისათვის სამუშაო შეხვედრების გამართვას.
19-23 სექტემბერს ცენტრის წარმომადგენლებმა შეხვედრები ამჯერად გურჯაანის, საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, სიღნაღის, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხის საჯარო სკოლებში გამართეს. შეხვედრის მონაწილე სკოლების მასწავლებლებმა და დირექტორებმა პროექტის ხელმძღვანელთან ეკა ჯელაძესთან ერთად საცდელი ტესტირების შედეგები კიდევ ერთხელ განიხილეს, აგრეთვე მიიღეს დეტალური ინფორმაცია ანგარიშის ელექტრონულ პლატფორმასთან და მის სპეციფიკასთან დაკავშირებით. მსგავსი სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა დასავლეთ საქართველოს სკოლების წარმომადგენლებთან.
შეგახსენებთ, რომ ელექტრონული პლატფორმის გამოცდის მიზნით პროექტის ფარგლებში ბოლო, ფართომასშტაბიანი საცდელი ტესტირება მაისში ჩატარდა მთელი საქართველოს მასშტაბით 500-ზე მეტ საჯარო სკოლაში. როგორც ქართულის, ისე მათემატიკის ტესტი საცდელი ტესტირების თითოეულ დღეს 5000-იდან 7000-ამდე მოსწავლემ შეასრულა.
მოსწავლეებმა და მშობლებმა, ასევე მასწავლებლებმა და დირექტორებმა, დიაგნოსტიკური შეფასების შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია უკვე მიიღეს. ელექტრონული სისტემისა და, კერძოდ, ანგარიშის მოდულის უკეთ გაცნობის მიზნით შეხვედრები პროექტში ჩართული სხვა სკოლებისთვისაც გაიმართება.