„ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“ თემატური მოკვლევა იწყება. პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ინფორმაციით, მოკვლევაში მონაიწლეობას სამი კომიტეტი მიიღებს განათლების, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების, აგრარულ საკითხთა.
სხდომაზე პარლამენტის წევრმა გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ თემატური მოკვლევის მიზანს იმ გარემოებების დეტალური შესწავლა წარმოადგენს, რომლებიც სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სექტორში ადამიანური რესურსების დეფიციტს იწვევს.
მისივე თქმით, უამრავი პროფესიაა, სადაც თაობათა შორის არის წყვეტა და აუცილებელია ამ პრობლემის დროულად აღმოფხვრა.
„კვლევის მიზანს წარმოადგენს უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებების პოტენციალის და ბაზარზე არსებული მოთხოვნების შესწავლა, იმ ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით კვალიფიციური სპეციალისტების ხელმისაწვდომობის პრობლემებს განაპირობებს“, - განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.