სასწავლო გეგმასა და სახელმძღვანელოების გრიფირების წესზე პარლამენტი რეკომენდაციებს გასცემს
27-09-2022

საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიმდინარე თემატური მოკვლევის „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში" ჯგუფმა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ტალიაშვილი ხელმძღვანელობს, ბოლო ზეპირი მოსმენა გამართა.

შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს და განათლების სექტორში არსებულ პრობლემებზე, გამოწვევებზე და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ამილახვარის განცხადებით, მოკვლევის დასკვნაში მოცემული იქნება რეკომენდაციები, რომელიც მიმართული იქნება საგანმანათლებლო სივრცის გაუმჯობესებისკენ.

კომიტეტის თავმჯდომარემ ყურადღება იმ საკითხებზე გაამახვილა, რომელიც თემატური მოკვლევის ფარგლებში შეისწავლეს.

„მოკვლეული იქნა სასკოლო რესურსებთან დაკავშირებული ყველა საკითხი: ინფრასტრუქტურის, სასწავლო გეგმის, წიგნების, სახელმძღვანელოების გრიფირების წესთან დაკავშირებული პრობლემები, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის საკითხები საგანმანათლებლო პროცესში. ყველა ეს საკითხი უკვე გადავა მოკვლევის დასკვნაში და განისაზღვრება ის აუცილებელი რეკომენდაციები, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სასკოლო-საგანმანათლებლო სივრცის მკვეთრად გაუმჯობესებას“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

​განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ტალიაშვილის განცხადებით, მოკვლევის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში არაერთი შეხვედრა გაიმართა.

მოკვლევის ჯგუფის წევრები სკოლების დირექტორებს, მასწავლებლებსა, განათლების სფეროში მომუშავე პროფესიული ასოციაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს.

„ეს არის ფართომასშტაბიანი საკომიტეტო მოკვლევა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ დავფარეთ საქართველო პრაქტიკულად ყველა რეგიონი. შევხვდით 500-ზე მეტ ადამიანს ჩვენი სამიზნე აუდიტორიიდან. ის რეკომენდაციები, რომელიც ეხება სასკოლო განათლების რეფორმას, იძენს საბოლოო სახეს. დღეს ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა იმ ცენტრალურ ხაზზე და ხედვებზე, რომელიც აუცილებელია იმისათვის, რომ ჩვენი განათლების სისტემა სასკოლო სივრცეში იყოს უკეთესი“, - განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.

აღნიშნული თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203