რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ბიზნეს ოლიმპიადაში 1-ლი ადგილი მოიპოვა
04-04-2018
ჟიული შარტავას სახელობის რუსთავის N4 საჯარო სკოლის გუნდმა ბიზნეს ოლიმპიადის - „მომავლის ბიზნესმენები“ სუპერფინალში 1-ლი ადგილი მოიპოვა.
გუნდის წევრები მეთერთმეტეკლასელები - ლაშა ნოზაძე, საბა დავლაშერიძე, ლუკა გიუნაშვილი, ქეთევან მჭედლიშვილი არიან. გუნდის მენეჯერი თორნიკე ბულალაურია.
ამასთან, ინტელექტუალური შეჯიბრის ფინალური თამაშის სააპელაციო საბჭოს მე-4 სკოლის მეთერთმეტეკლასელი ლაშა სეფიაშვილი თავმჯდომარეობდა.
საქართველოს ბიზნესის აკადემიის (SBA) ინტელექტუალური ბიზნეს ოლიმპიადის სუპერფინალი გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის დრამატულ თეატრში გაიმართა.
ოლიმპიადაში რუსთავის ცხრა საჯარო სკოლის შიდა შესარჩევ თამაშებში გამარჯვებული, XI -XII კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი მონაწილეობდა.
მეოთხესკოლელები ფულადი პრემიით (1200 ლარი) და საქართველოს ბიზნესის აკადემიის სასწავლო გრანტით დაჯილდოვდნენ.
ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ მეოთხე სკოლას რუსთავის 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით შექმნილი სპეციალური ლოგო - ქალაქის გერბი გადასცა.
გარდა ამისა, გამარჯვებული გუნდის მიერ წარდგენილ ბიზნეს პროექტს რუსთავის მერია 500 ლარით დააფინანსებს.
ბიზნეს ოლიმპიადა 2016 წლიდან ტარდება. ოლიმპიადის ძირითადი მიზანია, დაეხმაროს სკოლის მოსწავლეებს, თანამედროვე საზოგადოებაში თავის დამკვიდრებაში და მომავალში დასაქმებისა და კარიერული წინსვლისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების შეძენაში.
ოლიმპიადა საქართველოს ბიზნესის აკადემიის და სტუდენტთა და აბიტურიენტთა ხელშეწყობის საერთაშორისო ასოციაციის (SEPIA) ორგანიზებით, რუსთავის მერიისა და რუსთავის ამერიკული კუთხის მხარდაჭერით გაიმართა.