5 კომპონენტი საჯარო სკოლის დირექტორების ახალ სტანდარტში
10-10-2022

განათლების მინისტრმა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი დაამტკიცა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ფუნქციები და მოვალეობები აქვს ხელმძღვანელს. ჩამოთვლილია ასევე ლიდერობის კომპონენტები.

დირექტორის, როგორც ლიდერის მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:

პირველი კომპონენტი - დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს სასკოლო საზოგადოებისთვის:

ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს სასკოლო საზოგადოებისთვის;

ა.ბ) უზრუნველყოფს სასკოლო საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;

ა.გ) აყალიბებს გაზიარებულ ღირებულებებზე დაფუძნებულ სასკოლო კულტურას;

ა.დ) ქმნის და აზიარებს ცოდნას.

მე-2 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ავითარებს სასკოლო კულტურას:

ბ.ა) ავითარებს სკოლას  გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;

ბ.ბ) ავითარებს სკოლის უნიკალურ კულტურას;

ბ.გ) ავითარებს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრად სისტემას.

მე-3 კომპონენტი. დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი :

გ.ა) ხელს უწყობს სკოლაში მოსწავლეზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომების დანერგვას;

გ.ბ) ფოკუსირებულია მოსწავლეთა მიღწევებსა და წინსვლაზე;

გ.გ) კვლევისა და რეფლექსიის საშუალებით  ქმნის სივრცეს სასწავლო პროცესის  კრიტიკული გააზრებისათვის,  ინოვაციური მოდგომების დანერგვისთვის.

მე-4 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:

დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და  მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;

დ.ბ) არის მოსწავლეთა აკადემიური და პიროვნული ზრდის მხარდამჭერი; 

დ.გ) უზრუნველყოფს სკოლის შიგნით როგორც ინდივიდების, აგრეთვე მთლიანად სასკოლო საზოგადოების განვითარებას;

დ.დ) უზრუნველყოფს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მხარდაჭერას.

მე-5 კომპონენტი. დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი :

ე.ა) უზრუნველყოფს სკოლის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;

ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას სასურველი შედეგების მისაღწევად;

ე.გ) აწესებს ანგარიშვალდებულების სისტემას;  

ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებისთვის;

ე.ე) ქმნის განვითარებაზე ორიენტირებული  აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ვ) ქმნის პროფესიული ორიენტაციის და კარიერული განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას;

ე.ზ) უზრუნველყოფს რესურსების მიზნობრივად მობილიზებას და მართვას სასურველი შედეგების მისაღწევად.

დირექტორი, როგორც სასკოლო საზოგადოებისთვის მისაბაძი მაგალითი, სასკოლო კულტურის შემქმნელი, საგანმანათლებლო ლიდერი, ადამიანური რესურსების მმართველი და ადმინისტრაციული ლიდერი ხელს უწყობს:

ა) სკოლისა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებებისა და ქცევების დანერგვის შესაძლებლობას (მათ შორის – ვალდებულებას, შექმნას და შეინარჩუნოს ეფექტური პროფესიული სასწავლო საზოგადოება);

ბ) ეფექტიანი სკოლების მახასიათებლების გაცნობიერებას;

გ) სკოლის საზოგადოების მომავლის ხედვის პოპულარიზაციას, რომელიც საერთო მიზნებსა და ღირებულებებზეა დაფუძნებული;

დ) სასკოლო საზოგადოების წევრების ვალდებულებას ყველა მოსწავლის პოტენციალის რეალიზაციისათვის;

ე) სწავლის ხარისხის მართვას;

ვ) უსაფრთხო, ინკლუზიური და მიზანზე ორიენტირებული სასკოლო გარემოს შექმნას;

ზ) კონსტრუქტიული და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების ჩამოყალიბებას თანამშრომლებს, მოსწავლეებს, მშობლებს და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის;

თ) თანამშრომელთა მოტივირებას, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ სკოლის განვითარებაში. სკოლის ხედვისა და მიზნების განხორციელებას სკოლის ფინანსური, ადამიანური და მატერიალური რესურსების ოპტიმიზაციით გამართული მართვის სისტემითა და პრაქტიკის მეშვეობით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203