რა მოვალეობები აქვს მორიგე მასწავლებელს? - ავალდებულებს თუ არა კანონი პედაგოგს დერეფანში მორიგეობას
01-10-2022

სკოლების უმეტესობაში უსაფრთხო, მოწესრიგებული და მშვიდი გარემოს შექმნის მიზნით დერეფნებში მასწავლებლების მორიგეობაა დაწესებული.

კოვიდრეგულაციების დროს მორიგე მასწავლებლებს, ძირითადად, სკოლაში შემსვლელ პირთა თერმოსკრინინგი ევალებოდათ, თუმცა მორიგე მასწავლებლის ფუნქცია კოვიდპანდემიამდეც მნიშვნელოვანი იყო და ახლაც, როდესაც რეგულაციები შემსუბუქდა და აღარც თერმოსკრინინგია სავალდებულო.

რა ევალება მორიგე მასწავლებელს?

მასწავლებლებმა სკოლის შესასვლელსა და დერეფნებში თავიანთთვის განსაზღვრულ დღეს, თავისუფალ დროს (როდესაც გაკვეთილი არ აქვთ იმ პერიოდში) უნდა იმორიგეონ. ფუნქცია-მოვალეობები კი შემდეგია:

  • მორიგე მასწავლებელმა შესვენების დროს სკოლის შენობაში, დერეფნებსა და საკლასო ოთახებში მოსწავლეთა მოძრაობა და სისუფთავის დაცვა უნდა გააკონტროლოს.
  • მორიგე პედაგოგმა საგაკვეთილო დროს არ უნდა დაუშვას მოსწავლეების გასვლა სკოლის შენობიდან ან უცხო პირთა შესვლა სკოლის შენობაში.
  • მოსწავლის გაკვეთილიდან გაძევების შემთხვევაში მორიგე მასწავლებელმა ის დამრიგებელს ან მანდატურს უნდა ჩააბაროს, რათა გაკვეთილიდან გაძევებულმა მოსწავლემ სასწავლო პროცესის მშვიდ გარემოში წარმართვას ხელი არ შეუშალოს ან უნებართვოდ არ დატოვოს სკოლის ტერიტორია.
  • მორიგე მასწავლებლის ფუნქციაა ასევე, რომ აღკვეთოს წესრიგის დარღვევის ფაქტი, გაკვეთილების დროს არ დაუშვას დერეფნებში მოსწავლეების სიარული, ხმაური.

ზოგიერთ სკოლაში სწორედ მორიგე მასწავლებელს ავალია გაკვეთილების დაწყება-დამთავრების მაუწყებელი ზარის დროულად დარეკვაც. გარდა ჩამონათვალისა, შესაძლოა, დირექციამ მორიგე მასწავლებელს სხვა ფუნქციაც დააკისროს.

პედაგოგების მორიგეობა სკოლის შინაგანაწესით უნდა იყოს განსაზღვრული. სხვა რაიმე ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც მასწავლებლებს დერეფნებში დგომასა და ზემოთ ჩამოთვლილ ფუნქცია-მოვალეობების შესრულებას დაავალდებულებს, არ არსებობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203