კურიკულუმის მოდიფიკაციის სხვადასხვა დონე არსებობს: ადაპტაცია და აკომოდაცია. ინკლუზიურ განათლებაში, დამატებით გამოიყენება აგრეთვე მოდიფიცირებული სასწავლო გეგმის ცნებაც.
რა განსხვავებაა კურიკულუმის ადაპტაციას, აკომოდაციასა და მოდიფიკაციას შორის? რომელი მათგანი მოითხოვს მასწავლებლის დროისა და დატვირთვის გაზრდას?
როგორც ინკლუზიური განათლების ცნებების და ტერმინების ლექსიკონშია განმარტებული, კურიკულუმის ადაპტაცია არ ცვლის, მაგრამ უმნიშვნელოდ ამარტივებს კურიკულუმის შინაარსს. კურიკულუმის ადაპტაცია, ძირითადად, გულისხმობს მასწავლებლის დროისა და დატვირთვის გაზრდას. ასევე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლისთვის დავალებების გამარტივებას და რაოდენობის შემცირებას.
კურიკულუმის აკომოდაცია არ ცვლის ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსს, მაგრამ დამხმარე ტექნიკების და ტექნოლოგიების გამოყენებით ეხმარება მოსწავლეს იმ ბარიერების დაძლევაში, რომელიც სწავლის დროს ექმნება. დავალებების სირთულე და შინაარსი რჩება იგივე, რაც ზოგადად კლასისთვის. მოსწავლეს აქვს იგივე სასწავლო შედეგები, რაც ზოგად ეროვნულ სასწავლო გეგმაშია აღწერილი.
კურიკულუმის მოდიფიკაცია ცვლის ეროვნული სასწავლო გეგმის შინაარსს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეეების შემეცნებითი შესაძლებლობების შესაბამისად. მოსწავლეს აქვს ინდივიდუალური, მოდიფიცირებული კურიკულუმის შესაბამისი სასწავლო შედეგები.
მოსწავლისთვის ესგ-ს მოდიფიკაცია ნიშნავს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგების რაოდენობრივ ან თვისებრივ ცვლილებებს, რაც შესაძლებელია გულისხმობდეს სასწავლო მიზნების რაოდენობრივ შემცირებას, გამარტივებას მოსწავლის მზაობისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით.