მცხეთის N2 საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის გაკვეთილები წარმატებით მიმდინარეობს
05-04-2018
მცხეთის N2 საჯარო სკოლაში სამართლებრივი კულტურის მე-9 გაკვეთილი ჩატარდა (პედაგოგი: ანა იმერლიშვილი, სამართალდამცველი: დიანა დემეტრაშვილი).
 
მოსწავლეები სამართლის ძირითად დარგებს, სამართალდამცველის ფუნქციებს, ძალადობის და არასრულწლოვანთა დანაშაულის სახეებს გაეცვნენ. 

გაკვეთილი ჩატარდა თემაზე „რა არის ძალადობა?“.  

ამ ცხრა გაკვეთილის განმავლობაში პედაგოგმა და პოლიციელმა მოსწავლეებს შესთავაზეს მრავალფეროვანი აქტივობები: გონებრივი იერიში, დისკუსია, ჯგუფური მუშაობა, სიტუაციური ამოცანების ანალიზი, პრეზენტაციები და სხვა.  

კურსის მიზანია მოსწავლის მიერ სამართლებრივი კულტურის არსის ღრმად გაცნობიერება.  

„მოზარდები უკვე საკმაოდ კარგად მსჯელობენ და ასაბუთებენ, თუ რატომ უნდა დაიცვას თითოეულმა მოქალაქემ კანონი. მათ უვითარდებათ სამართლიანობის, ტოლერანტობის, კონფლიქტის მშვიდობიანად გადაჭრის უნარები; დისკუსიის დროს, მოჰყავთ სათანადო მაგალითები ყოფა-ცხოვრებიდან, ქართული და მსოფლიო ლიტერატურიდან, პრესიდან“ - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.  

საგაკვეთილო პროცესს განსაკუთრებით საინტერესოს ხდის მასში სამართალდამცველის მონაწილეობა. მოსწავლეები ღიად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, პოლიციელს უსვამენ უამრავ შეკითხვას, რაც მათ მოტივაციაზე მიუთითებს.  

ამ ხნის განმავლობაში, სამართალდამცველის მიერ კომპეტენტურად განმარტებული სიტუაციები, მათთან მისადაგებული სამართლის მუხლები, საკუთარი პრაქტიკიდან მოყვანილი მრავალფეროვანი და საინტერესო მაგალითები, მოსწავლეებს ეხმარება ახალი ინფორმაციის იოლად ათვისებაში, სხვადასხვა სიტუაციის ჯეროვნად შეფასებაში.
 
„განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სახელმძღვანელო, რომელიც ინფორმაციულად დატვირთულია და მრავალ რუბრიკას სთავაზობს მოსწავლეს, რითაც უღვივებს ინტერესს აღნიშნული საკითხებისადმი,“- აცხადებს სკოლის წარმომადგენელი. 
 
იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203