„ვერ ვწერ და კითხვაც ძალიან მიჭირს“ - ინტერვიუ 15 წლის გიგი ანთაძესთან, რომელიც საკუთარ ბიზნესს ფლობს
05-04-2018
15 წლის ბიჭს, გიგი ანთაძეს, დედაქალაქის მერიამ ბავშვთა ქალაქ „მზიურში“ სავაჭრო ჯიხური გადასცა. მე-20 საჯარო სკოლის მე-9 კლასელი ბიჭი მანამდე თბილისის ცენტრალურ უბანში, რუსთაველის გამზირზე ბუშტებით, სათამაშოებითა და ხილის ახლადგამოწურული წვენებით ვაჭრობდა.

გიგის ცერებრალური დამბლით გამოწვეული სიარულისა და მხედველობის პრობლემები აქვს. მისი ამბავი მას შემდეგ გახმაურდა, რაც გარევაჭრობის აკრძალვის მოთხოვნით, მერიის ზედამხედველობის სამსახურმა მიაკითხა. გიგიმ შველა დედას სთხოვა. დედამისმა კი, დედაქალაქის მთავრობას „ფეისბუქით“ მიმართა და შვილის გასაჭირი გაასაჯაროვა.

გიგი ანთაძე ერთ დროს ცნობილი ტელეჟურნალისტის, ნანა ჯაფარიძის შვილიშვილია. მათ ოჯახს არასოდეს უჭირდა ისე, რომ არასრულწლოვანს გარევაჭრობით ერჩინა თავი. დედა, თამარ გვარიშვილი, ერთი პერიოდი, ბავშვს გარევაჭრობას უშლიდა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ ამით მისი შვილი სიამოვნებას იღებდა და ბედნიერი იყო. შვილის ბედნიერებისთვის პატივმოყვარეობა დაივიწყა და ყველა გზა მონახა, რომ გიგის დახმარებოდა. გიგის სავაჭრო ჯიხურს „გიგის წვენები“ ჰქვია.

- გიგი, თავს როგორ გრძნობ მას მერე, რაც სავაჭრო ჯიხური გადმოგცეს?

- ძალიან კარგად ვარ და ამ ბიზნესის გაფართოებასაც ვაპირებ. მალე „გიგის წვენები“ ვაკის პარკშიც გაიხსნება, ანუ ფილიალიც მექნება. ბიზნესის კარგი ალღო მაქვს. ვიცი, სად რა იყიდება კარგად.

- სკოლაში არ დადიხარ?

- კი, დავდივარ, მაგრამ ორივე თვალში მხოლოდ 7% მაქვს მხედველობა. სათვალითაც ვერ ვხედავ. ეს ძალიან რთული პრობლემაა. ვერ ვწერ და კითხვაც ძალიან მიჭირს მხედველობის გამო. თუ დიდი ასოებით ამოვბეჭდე ნაწერი, შემიძლია წაკითხვა, მაგრამ ჩვეულებრივი წიგნიდან ვერ ვკითხულობ. დედა მიბეჭდავს ხოლმე დიდი ასოებით და მერე ვკითხულობ. გარდა ამისა, ჩემთან, სახლში დადის მასწავლებელი, რომელიც მიკითხავს გაკვეთილებს და ისე ვსწავლობ.

- რომელი საგანი მოგწონს და გიყვარს?

- გამორჩეულად არც ერთი საგანი არ მიყვარს. შედარებით კარგია ქართული ენისა და ისტორიის გაკვეთილები. მიყვარს მხატვრული ლიტერატურა და სიამოვნებას ვიღებ, როცა მიკითხავენ.

- შენი საყვარელი წიგნი რომელია?

- ასტრიდ ლინდგრენის „ძმები ლომგულები“. სულ პატარა ვიყავი, როცა პირველად წამიკითხეს და მას მერე ბევრჯერ წავაკითხე. მიკითავდნენ დედა, ბებია და ჩემი გამზრდელი მაკა. სანამ ბებია, ნანა ჯაფარიძე ცოცხალი იყო, დღეში რამდენიმე საათი მამეცადინებდა.

- მათემატიკა გიყვარს?

- არა, არ მიყვარს მათემატიკა.

- ბიზნესს კარგი ანგარიში რომ სჭირდება?

- ანგარიში კარგად ვიცი. თავიდან ბებია მეხმარებოდა, რომ ანგარიში კარგად მესწავლა. მისი გაზრდილი ვარ. მერე - მასწავლებელი, რომელიც სახლში დადის ჩემთან. ამიტომ, ის მათემატიკა, რაც მჭირდება, კარგად ვიცი. ფულის დათვლით უფრო ვისწავლე ანგარიში. ქაღალდის ფულს კარგად ვარჩევ კარგად და რკინის ფულზე, თუ რა მონეტაა, ხელით ვხვდები. 

სკოლაში არსებობს რესურსოთახი და იქაც ვმეცადინეობდი ხოლმე. 2 წელია, რაც ვაჭრობა დავიწყე და მას მერე იშვიათად მივდიოდი სკოლაში. ასეთი ცენტრი ყველა სკოლაშია სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. გაკვეთილზე ჯდომით თუ დაიღლები, შეგიძლია იქ შეხვიდე. იქ მასწავლებლები მეხმარებოდნენ - მიბეჭდავდნენ დიდი შრიფტით.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203