პედაგოგები, რომლებმაც წამყვანობისა და მენტორობის მსურველთა გამოცდა ჩააბარეს, სტატუსის ასამაღლებლად პრაქტიკული ნაწილის შეფასების მოლოდინში არიან.
პროფესიული უნარების გამოდის ჩაბარების შემდეგ კარიერული წინსვლის ერთ-ერთი საფეხური პორტფოლიოს შეფასებაა, თუმცა eschool-ში პროფესიულ საქაღალდეში ასატვირთი დოკუმენტების ველი ამ ეტაპზე გააქტიურებული არაა.
კითხვით, თუ როდის შეძლებენ მასწავლებლები პროფესიულ საქაღალდეში დოკუმენტების ატვირთვას? როდის გაიხსნება eschool-ის ბაზაში შესაბამისი ველი etaloni.ge-მ სამინისტროს მიმართა, სადაც განგვიმარტეს, რომ ამ ეტაპზე უწყება მასწავლებლის სახლთან ერთად ინსტრუქციებზე მუშაობს, დეტალების დაზუსტების შემდეგ კი ინფორმაცია სკოლებს გადაეგზავნებათ.
„ამ ეტაპზე eschool-ში პროფესიული საქაღალდის ველი გააქტიურებული არაა. ამ საკითხზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს, სკოლები დეტალურ ინსტრუქციას მიიღებენ, პედაგოგებს წინასწარ ეცოდინებათ, თუ როდის შეძლებენ პორტფოლიოში დოკუმენტების შეტანას, როდის გააქტიურდება შესაბამისი ველი და როდემდე ექნებათ მათ დრო შესაბამისი დოკუმენტების ასატვირთად“, - განგვიცხადეს ცხელ ხაზზე.
მასწავლებელთა ნაწილი, დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე, მკაფიო ინსტრუქციებს ოქტომბრის შუა რიცხვებისთვის ელოდება, თუმცა სამინისტროს ცხელ ხაზზე თარიღის დასახელებისგან თავი შეიკავეს.