„ეტალონით“ თითოეული მოსწავლის ყოველდღიურობა მრავალფეროვნდება“- წალკის, ახალციხის, ვანისა და თიანეთის „ეტალონი მოსწავლეები“ ცნობილია
11-10-2022

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ მიზანი მოსწავლეებში განათლების ხელშეწყობა, მოტივაციის გაზრდა და წახალისებაა. ტრადიციად ქცეულ სახალხო კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან ერთვებიან.

7 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში 2022 წლის წალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ. 

➤ „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - წალკის N1 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე მარი მარკოიძე

➤ „ახალციხის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - მინაძის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა კურტანიძე

➤ „ვანის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ამაღლების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე გიორგი რიჟამაძე

➤ „თიანეთის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულის მფლობელი გახდა - ზარიძეების საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე ანა ქაშიაშვილი 


შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციური ფორმატით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მისი მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის მონაწილე ყველა მოსწავლე „ეტალონის“ სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელით დაჯილდოვდა. 

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს. 

კონკურსის შესახებ შთაბეჭდილებებს etaloni.ge-ს  „ეტალონი მოსწავლეები“, დირექტორები და პედაგოგები უზიარებენ.

არსენ ჯმუხაძე, წალკის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

„ეტალონი“ ტრადიციად ქცეული ინტელექტ-ჩემპიონატია, რომელშიც წალკის მუნიციპალიტეტის ყველა სკოლა აქტიურად ჩაერთო. 32 სკოლიდან 12 არაქართულენოვანია. მეორე ეტაპზე 80 მოსწავლე გადავიდა, მათგან 35 არაქართულენოვანი სკოლიდან იყო. ამან აჩვენა, რომ ისინი კარგად ფლობენ ქართულ ენას, დამოუკიდებლად მუშაობა შეუძლიათ. „ეტალონი“ მოსწავლეთა ცნობიერებას ამაღლებს, მათ განვითარებას ხელს უწყობს. ჩემი აზრით, მასში მონაწილეობა ახალგაზრდებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა. რაც შეეხება ტესტირებას, ყოველგვარი შეფერხების გარეშე ჩაიარა. ბატონი გოჩასთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. აქვე, ძალიან კარგი იქნება, თუ ჩემპიონატი ისევ დასწრებით ფორმატში გაიმართება.

მარი მარკოიძე, „წალკის ეტალონი მოსწავლე“ 

ტესტირებისთვის წინასწარ არ მოვმზადებულვარ. „ეტალონში“ მონაწილეობა პირველად შარშან მივიღე, მაშინ მხოლოდ მეორე ეტაპზე გადავედი. წელს ასეთ შედეგს არ ველოდი, მაგრამ რაღაც ნაპერწკალი მაინც მქონდა. კითხვები ჩემთვის ადვილი იყო. ძალიან გამიხარდა, როდესაც გავიგე, რომ „წალკის ეტალონი მოსწავლე“ გავხდი. ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. მჯერა საკუთარი თავის და ფინალს ველოდები.


მარინე ბერიანიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის დირექტორი:

ზედიზედ მეორე წელია, რაც „წალკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულს ჩვენი სკოლის მოსწავლეები იმსახურებენ. ეს ფაქტი ჩვენთვის, თავისთავად, საამაყოა. გამარჯვება სკოლის პრესტიჟია და მოსწავლეთა ცოდნის ხარისხის აღიარებაა. საუკეთესოთა შორის პირველი 5 და ასევე, მე-7 ადგილი ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. გარდა ამისა, არიან ისეთი მოსწავლეები, რომლებიც ჩვენგან გადავიდნენ და ამ სიაში მოხვდნენ. „ეტალონში“ მოღწეულ შედეგებს ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან მასში მოსწავლეთა ცოდნა და შესაძლებლობები აისახება. ჩვენ მოსწავლეებს ყოველთვის მოვუწოდებთ, რომ მონაწილეობა მიიღონ. მიუხედავად იმისა, თუ რა შედეგი ექნებათ, ეს გამოცდილება მნიშვნელოვანია, რადგან საკუთარ ცოდნას შეაფასებენ. მარი მარკოიძე ძალიან მობილიზებული მოსწავლე და ვფიქრობ, რომ ფინალურ ეტაპზეც კარგ შედეგს მიაღწევს.

ლილი ზოიძე, წალკის N1 საჯარო სკოლის პედაგოგი:

ინტელექტ-ჩემპიონატში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ძალიან აქტიურად ჩაერთნენ. მონაწილეობა შესაბამისი ასაკობრივი კატეგორიის ყველა მოსწავლეს სურდა. თავად ის კლასი, რომელშიც გამარჯვებული მარი მარკოიძე სწავლობს, ჩვენს სკოლაში ერთ-ერთი უძლიერესია. ამ კლასში კომპიუტერის მიღების კანდიდატი 10 მოსწავლეა. მარი მარკოიძე ძალიან მოწესრიგებული ახალგაზრდაა. უყვარს წიგნების კითხვა. აქტიურად მონაწილეობს როგორც სასკოლო, ასევე არასასკოლო ღონისძიებებში. მას ლიდერის უნარ-ჩვევები აქვს, ცდილობს, რომ მისაბაძი და სამაგალითო იყოს.

ანა ქაშიაშვილი, „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“:

„ეტალონში“ პირველი ადგილის დაკავებას არ ველოდი. ვფიქრობდი, რომ კარგი შედეგი მექნებოდა, მაგრამ პირდაპირ გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი. პირველი ადგილის დაკავება ჩემთვის ძალიან ემოციური იყო. ამან თავდაჯერებულობა შემმატა, ჩემი თავის იმედი საერთოდ არ მქონდა, რაც ახალ შეიცვალა. ფინალური ეტაპისთვის მომზადება უკვე დავიწყე და მიზანი დავისახე.

ზვიად გიანაშვილი, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენი სკოლის მოსწავლე ანა ქაშიაშვილი არაჩვეულებრივი ბავშვია. ის ზრდილობიანი, კომუნიკაბელური, კარგი ავტორიტეტის მქონე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით დაჯილდოვებული მოსწავლეა. სიმართლე გითხრათ, მის გამარჯვებას ველოდი. მინდა, რომ კიდევ ძალიან ბევრ წარმატებას მიაღწიოს. რაც შეეხება ინტელექტ-ჩემპიონატს, ის მოსწავლეთა ერთ-ერთი საუკეთესო მოტივატორია. ისინი მსგავსი აქტივობების შედეგად, ახალ ცოდნას იღებენ. ჩვენ გასულ წლებშიც გვყავდა მუნიციპალიტეტში პირველი ადგილის მფლობელი მოსწავლე. მეორე ადგილზე გასული მოსწავლეც ჩვენს სკოლაში სწავლობს. ამიტომაც ორმაგად მოტივირებულები ვართ. მე ანას და ფინალში მყოფ ყველა მოსწავლეს უდიდეს წარმატებას ვუსურვებ.

მარინა თოთიაური, თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარიძეების საჯარო სკოლის პედაგოგი:

„ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე მეორედაა, რომ „თიანეთის ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლის გახდა. ეს როგორც ჩემთვის, ისე მთელი სკოლისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა. პირველი ადგილის დაკავება დადებითად აისახება როგორც ამ მოსწავლის, ისე სხვების მოტივაციაზეც. ზოგადად, ჩვენი სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატში აქტიურად ჩაერთნენ. აღსანიშნავია, რომ წელს უფრო დაინტერესებულები იყვნენ, ვიდრე გასულ წლებში.

ხათუნა ხმალაძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი: 

უპირველ ყოვლისა, მინაძის საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე ანა კურტანიძეს მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ სტატუსის მოპოვებას ვულოცავ და ფინალურ ეპატზე გამარჯვებას ვუსურვებ. აღსანიშნავია, რომ ინტელექტ-ჩემპიონატის მიმდინარეობაში ახალციხის მუნიციპალიტეტის 38 საჯარო და ერთი კერძო სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. 
ვფიქრობ, „ეტალონის“ ინოვაციური ტესტები ხელს უწყობს ახალგაზრდებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებას, სწავლისადმი მოტივაციის გაძლიერებას და განათლებით დაინტერესებას. საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის საშუალებით, ქალაქ ახალციხის და ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების თითოეული მოსწავლის ყოველდღიურობა მრავალფეროვნდება. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პროექტის აქტუალობა ყოველწლიურად იზრდება.

მადლობა საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ ავტორს და აკადემიურ დირექტორს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს და შემოქმედებით გუნდს აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის, ახალგაზრდების დაინტერესებისათვის, წარმოჩენისა და წახალისებისათვის!

ანა კურტანიძე, „ახალციხის ეტალონი მოსწავლე“:

ტესტებს თავი კარგად გავართვი, ძალიან კარგი და საინტერესო კითხვები იყო. საბოლოო ჯამში, მემარტივა. გარკვეულწილად, ველოდი, რომ პირველ ადგილს დავიკავებდი, რადგან ძალიან ბევრი რამ ვიცოდი. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, მოტივაცია მეტად ამიმაღლდა. უკვე ფინალური ეტაპისთვის მომზადებაც დავიწყე.

ლია მაჭარაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის დირექტორი:

ანა კურტანიძე მე-8 კლასის მოსწავლეა. ის საკმაოდ წარმატებული და შრომისმოყვარე. ყველა სასკოლო ღონისძიებასა და კონკურსში ძალიან აქტიურად ერთვება. თვითმმართველობის წევრია, აქვს ლიდერობის უნარები და საკუთარი თავის განვითარებაზე ზრუნავს. ანა წარმატებისკენ ეტაპობრივად, ნელ-ნელა მიდის. მისი შრომა „ეტალონში“ მიღწეულ შედეგშიც აისახა. მას თავისი კლასელები ძალიან უყვარს, ეხმარება ხოლმე, ცდილობს, მათაც კარგი აკადემიური მოსწრება ჰქონდეთ. „ეტალონში“ მიღწეული წარმატება ჩვენი სკოლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა პედაგოგი თავდაუზოგავად იმისთვის შრომობს, რომ მოსწავლეები წარმატებულები იყვნენ. მცირეკონტინგენტიანი სკოლა გვაქვს, თუმცა საკმაოდ აქტიურები ვართ და სხვადასხვა ღონისძიებებს ვახორციელებთ. ვცდილობთ, რომ ჩვენი მოსწავლეების ინტერესებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, სკოლამ თავისი სიტყვა თქვას. ხვალაც გასვლითი აქტივობა გვაქვს ღვინის ფესტივალთან დაკავშირებით. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონს“ იმისთვის, რომ მომავალი თაობის საკეთილდღეოდ ზრუნავს.

მაია კურტანიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მინაძის საჯარო სკოლის პედაგოგი:

გამარჯვებული მოსწავლე ჩემი შვილია. ვინც „ეტალონის“ მეორე ეტაპზე გადავიდა, იმათგან ნებისმიერი მოსწავლის იმედი გვქონდა, რომ წარმატებით იასპარეზებდნენ. გამომდინარე იქიდან, რომ სამივეს საკმაოდ კარგი აკადემიური მოსწრება აქვს. ანას წარმატება ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის და როგორც დედისთვის ძალიან გასახარია. ის ყველა საგანს კარგად სწავლობს და ცდილობს, რომ უფრო მეტი ცოდნა დააგროვოს. მიღწეული შედეგი სკოლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ „ეტალონს“ მხოლოდ მივესალმებით. მცირეკონტინგენტიანი სკოლა ვართ, სულ 17 მოსწავლე გვყავს და გამარჯვებული რომ მათგანაა, საამაყოა.

ვანო კორძაძე, ვანის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი:

მოსწავლეებში „ეტალონმა“ როგორც ყოველთვის, ახლაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. მასში მონაწილეობა ბავშვებისთვის ყოველთვის ძალიან დიდი სტიმულია. გამარჯვებული გიორგი რიჟამაძე გახდა, ის მართლაც გამორჩეული ახალგაზრდაა. ჩვენ აღნიშნულ მოსწავლესა და პროექტს მთელი სულითა და გულით ვგულშემატკივრობთ. გიორიგის წარმატებას ვუსურვებთ, დარწმუნებული ვართ, რომ საკუთარ შესაძლებლობებს ფინალურ ეტაპზეც წარმოაჩენს. ძალიან დიდ მადლობა ვუხდი ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა მოსწავლეს.

გიორგი რიჟამაძე, „ვანის ეტალონის მოსწავლე“:

ჩემთვის პირველი ადგილის დაკავება მოულოდნელი იყო. ზოგადად, კარგად ვსწავლობ, მაღალი აკადემიური მოსწრება მაქვს, წელს კომპიუტერიც დავიმსახურე. ჩემი შრომა კი ტესტირებაში აისახა, ცოდნის გამოვლენა შევძელი. ტესტირებისთვის მოვემზადე, ქართულსა და მათემატიკაში ძველ მასალებს გადავხედე. ეს კი ძალიან დამეხმარა. გამარჯვებამ ერთგვარი მოტივაცია მომცა, რადგან ჩემი შრომით გამარჯვებას რომ მივაღწიე, სხვანაირი სიხარულია. ფინალისთვის მომზადებაც დავიწყე, ვფიქრობ, ძალიან რთული იქნება, ამიტომ პროგნოზების გაკეთება გამიჭირდება.

ალექსანდრე ოქროპილაშვილი, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო და საამაყოა, რომ პირველი ადგილის მფლობელი ჩვენი მოსწავლე გახდა. აღსანიშნავია, რომ შარშან მუნიციპალურ ეტაპზე გიორგი რიჟამაძის ძმამ გაიმარჯვა. ორივენი ძალიან წარმატებული ახალგაზრდები არიან. გიორგი თავისი შრომისმოყვარეობით, ნიჭითა და სწავლისადმი დამოკიდებულებით გამორჩეულია. ის მისაბაძი ახალგაზრდაა. მისი „ვანის ეტალონ მოსწავლედ“ დასახელება საამაყოა როგორც სკოლისთვის, ასევე თითოეული მოსწავლისთვის. ვუსურვებ, რომ შემდეგ ეტაპზეც და ცხოვრებაშიც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწიოს. ზოგადად, ინტელექტ-ჩემპიონატში ჩემი სკოლის მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ. მათ საკუთარი ცოდნა და შესაძლებლობები გამოსცადეს.


ასევე იხილეთ:

2022 წლის წალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ

„შედეგები ყოველ წელს უნდა გავაუმჯობესოთ“- წალკის, ახალციხის, ვანისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში „ეტალონის“ I ეტაპი გაიმართა

„ეტალონის“ II ეტაპის მონაწილეთა სია - წალკა, ახალციხე, ვანი და თიანეთი

წალკის, ახალციხის, ვანის და თიანეთის მუნიციპალიტეტების მოსწავლეთა საყურადღებოდ - თქვენთვის „ეტალონი“ გაიმართება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203