პედაგოგთა დაზღვევის ცხრილი - ყველა დეტალი დაფინანსებაზე
12-10-2022

პედაგოგების დაზღვევის საკითხი ბოლო პერიოდში საკმაოდ გააქტიურდა; პროფკავშირი ცხრილსა და განმარტებას აქვეყნებს, რომელსაც etaloni.ge გთავაზობთ:

სოციალურ ქსელებში და საინფორმაციო სააგენტოებში ვრცელდება სხვადასხვა შინაარსის განცხადებები მასწავლებელთა დაზღვევის შესახებ, რაც იწვევს პედაგოგთა უკმაყოფილებას. მსჯელობისათვის გთავაზობთ მასწავლებლის სადაზღვევო პაკეტის შესახებ ინფორმაციას და ცხრილს.

„მიზნობრივ ჯგუფში“ გაერთიანებული არიან: საჯარო სკოლის მასწავლებლები; საჯარო სკოლის ადმინისტრაცია-ტექნიკური პერსონალი; სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლები; საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები და სხვა,

ზემოაღნიშნული „მიზნობრივი ჯგუფის“ წარმომადგენლებისთვის (მათ შორის მასწავლებლებისათვის). საყოველთაო დაზღვევის პაკეტი უპირატესობაშია სხვა კატეგორიის ჯგუფების პაკეტებთან მიმართებაში.

გარდა იმისა, რომ მასწავლებლის სადაზღვევო პაკეტი გაუმჯობესებიულია, სხვა კატეგორიის მოქალაქეების სადაზღვევო პაკეტებთან შედარებით, აღსანიშნავია, მასწავლებლებთან დაკავშირებით დაშვებული სხვა სასიკეთო გამონაკლისებიც, მაგალითად,

1. პედაგოგს უფლება აქვს საყოველთაო დაზღვევის პარალელურად ისარგებლოს კერძო დაზღვევით. ეს არ ნიშნავს, რომ ერთი და იმავე შემთხვევაზე ის მიიღებს ორმაგ დაფინანსებას. მასწავლებელი მიიღებს დაფინანსებას ერთ-ერთი წყაროდან, რომელიც მისთვის უფრო ხელსაყრელია. არასწორია შეხედულება, რომ კერძო დაზღვევის შემთხვევაში, მასწავლებელს უუქმდება საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში არსებული გარკვეული მომსახურება;

2. პედაგოგს აქვს კიდევ ერთი უპირატესობა: მიუხედავად იმისა, რომ მასწავლებელთა უმეტესობის ხელფასი მეტია 1000 ლარზე, მასწავლებელი ავტომატურად არ მიეკუთვნება - „თვიურ 1000 ლარსა და წლიურ 40000 ლარს შორის შემოსავლის მქონე პირთა კატეგორიას, რომელთათვის განკუთვნილი სადაზღვევო პაკეტი რადიკალურად მწირია (იხ. ცხრილი). მაშასადამე, 1000 ლარზე მეტი ხელფასის შემთხვევაშიც კი მასწავლებელი სარგებლობს სხვებისგან გამორჩეული ,,მიზნობრივი ჯგუფისთვის“ განკუთვნილი სადაზღვეო პაკეტით.

წლების განმავლობაში, ჩვენი მუშაობის პრაქტიკამ დაგვანახა, რომ მასწავლებლებს პრობლემები ექმნებათ არა სადაზღვევო პაკეტით გაუთვალისწინებელი მომსახურეობის გამო, არამედ ზოგიერთი სამედიცინო დაწესებულებისა და პერსონალის უპასუხისმგებლო დამოკიდებულებებით. ზემოაღნიშნულ ცხრილში არსებული სამედიცინო მომსახურეობები დეტალურად არის განსაზღვრული მთავრობის დადგენილებით, ანალიზების, კვლევების, თერაპიებისა და ოპერაციების მიხედვით. ეს დიდი მოცულობის დადგენილებაა. ამის გათვალისწინებით, გთხოვთ, სადაზღვევო მომსახურეობასთან არსებული პრობლემის ან გაუგებრობის შემთხვევაში მოგვმართოთ დახმარებისათვის.

ალბათ დაგვეთანხმებით, რომ უსამართლო მიდგომა იქნებოდა და სამართლიან პროტესტს გამოიწვევდა, თუ მწირი შემოსავლის ან შემოსავლის არ მქონე პირის და იმ პირის, რომლის შემოსავალი წელიწადში 40000 ლარს სცილდება, სახელმწიფო სადაზღვევო პაკეტები თანაბარი მასშტაბებით დაფინანსდებოდა.

ცხრილი იხილეთ ბმულზე: N1, N2

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203