განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე იმსჯელა. განათლების მინისტრის მოადგილის, ვალერიან გობრონიძის განცხადებით, ცვლილების მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.
აღნიშნული ცვლილებით სპეციალური მასწავლებლის განათლების განვითარებისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლები გაჩნდება და შესაძლებელი იქნება სისტემაში ჩართული, გამოცდილი, სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირების შენარჩუნება, ასევე, სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი მოთხოვნების, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისა და სასკოლო სასწავლო გეგმის განმარტების დაზუსტება.
როგორც ვალერიან გობრონიძემ აღნიშნა, ინკლუზიური განათლება ხელს უწყობს სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბებას, სადაც ყველა ინდივიდი დაფასებულია. მისივე თქმით, განათლება შესაძლებლობას აძლევს შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს სრულად მიიღონ მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, დასაქმდნენ, ჩართული იყვნენ კულტურულ, სპორტულ, სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
„სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის აკადემიური, ფუნქციური, სოციალური უნარების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს სპეციალური მასწავლებელი და ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სხვა სპეციალისტები, რაც ხელს უწყობს სკოლის კულტურის ჩამოყალიბებას არა მარტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებში, არამედ ნებისმიერი მოსწავლის სოციალურ თუ პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა ვალერიან გობრონიძემ.
კომიტეტმა კანონპროექტს მხარი ერთხმად დაუჭირა.