როგორ ავირიდოთ სტრესული გაკვეთილი თავიდან? - კლასის მართვის ტექნიკები პედაგოგებისთვის
30-10-2022

კლასის ეფექტურად სამართავად მასწავლებელს გარკვეული უნარები სჭირდება. საკლასო გარემო პოზიტიური იქნება თუ ნეგატიური, ამას დიდწილად პედაგოგთა უკუკავშირი განაპირობებს.

გარდა იმისა, რომ ქაოტური საკლასო გარემო აბრკოლებს მოსწავლეების აკადემიურ წინსვლას, ის ასევე მნიშვნელოვანი სტრესორია მასწავლებლებისთვის და მათი პროფესიული გადაწვის მიზეზიც შეიძლება გახდეს. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია მასწავლებელი ფლობდეს კლასის მართვის სხვადასხვა ტექნიკას.

გიზიარებთ კლასის მართვის რეკომენდებულ ტექნიკებს მასწავლებლებისთვის შექმნილი გზამკვლევიდან.

„ირიბი გამეორების“ ტექნიკა. თუკი ბავშვი არასასურველ ქცევას ავლენს, მაგალითად, იმის ნაცვლად რომ დაიწყოს წერითი დავალების შესრულება, სასწავლო ნივთებით თამაშობს, ამ დროს ბავშვის არასასურველ ქცევაზე აქცენტის გაკეთებაზე უფრო მეტად ეფექტური იქნება, თუკი მასწავლებელი ყურადღებას იმ ბავშვის ქცევაზე გადაიტანს, ვინც კონკრეტულ სასურველ ქცევას ავლენს. (მაგალითად, „ვხედავ, რომ ნინომ უკვე დაიწყო წერა, ყოჩაღ!“) ირიბი წახალისების ეს მეთოდი შენიშვნის მიცემისა და წესების შეხსენების შენიღბული საშუალებაა.

„მე“ შეტყობინება. ხშირ შემთხვევაში, კლასის მართვის ეფექტურ ტექნიკას მასწავლებლის მხრიდან იმის გამოხატვა წარმოადგენს, თუ რა გავლენას ახდენს მასზე მოსწავლის მიერ განხორციელებული კონკრეტული ქცევა. მაგალითად, „ნიკა, როდესაც წიგნს გიკითხავთ და შენ ამ დროს მეგობარს ეჩურჩულები, მე ვეღარ ვახერხებ ყურადღების კონცენტრირებას. ძალიან ძნელია ჩემთვის ხმაურში კითხვა". ასეთი ტიპის მიდგომა ბავშვის ყურადღებას წარმართავს იმის გააზრებაზე, თუ რა შედეგები მოაქვს მის ქცევას სხვა ადამიანებზე ზეგავლენის თვალსაზრისით, ამასთან მასწავლებლის მხრიდან საკუთარი განცდების მსგავსი სახით ფორმულირება, როგორც წესი, ამცირებს კონფრონტაციას და ზრდის მოსწავლის მხრიდან საკუთარ ქცევაზე პასუხისმგებლობის აღების ალბათობას.

აღსანიშნავია, რომ „მე“ შეტყობინების გამოყენება ნებისმიერი ასაკის ბავშვთანაა შესაძლებელი, მაგრამ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია გარდატეხის ასაკის ბავშვებთან მიმართებაში. აღნიშნული ტექნიკის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ თქვენს მიერ ბავშვისთვის მიწოდებული ინფორმაცია არ შეიცავს ბრალდებებს და აღწერს შემდეგს: ქცევას („როდესაც ჩურჩულებ“); განცდებს („მიჭირს კონცენტრაცია“); თქვენს ცხოვრებაზე კონკრეტულ ზეგავლენას („ძნელია ხმაურში კითხვა“). მასწავლებლის მხრიდან შემდეგი შინაარსის ფრაზა, არ ჩაითვლება აღნიშნული ტექნიკის სწორად გამოყენებად: „მწყობრიდან გამოვდივარ, როდესაც ასე უზრდელურად იქცევი.“ რადგან აღნიშნული მაგალითი, მართალია მოიცავს მასწავლებლის მხრიდან საკუთარი განცდების გამოხატვას, თუმცა მას ასევე თან ახლავს ბრალდება და შეურაცხყოფა.

მითითება ჩამანაცვლებელ ქცევაზე: მოსწავლეთა ნაწილი არასასურველი ქცევის გამოვლენას აგრძელებს, ხშირად, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ უთითებენ, თუ რისი გაკეთება არ არის სასურველი, მაგრამ აღარ ეუბნებიან, თუ რა ქცევით უნდა ჩაანაცვლონ კონკრეტული არასასურველი ქცევა. მაგალითად, მასწავლებლის მიერ ნათქვამი „ნუ გიყრია ფურცლები მერხზე“, ნაკლებად ეფექტური იქნება, ვიდრე შემდეგი მიმართვა „ნუ გიყრია ფურცლები მერხზე, აკრიფე და ჩააწყვე ჩანთაში“, „ნუ ხევ წიგნს“, უთხარით: „ნუ ხევ წიგნს და შეინახე უჯრაში“.

კონტაქტი ბავშვთან: იმისათვის, რათა დავრწმუნდეთ, რომ ბავშვმა გაიგო ჩვენ მიერ მიცემული მითითება, როგორც წესი, საჭიროა მასთან თვალით კონტაქტის დამყარება, მისთვის სახელით მიმართვა და ზოგჯერ გარკვეული ჟესტების გამოყენებაც.

„გაფუჭებული ფირფიტის“ ტექნიკა. აღნიშნული ტექნიკა გულისხმობს მასწავლებლის მხრიდან, მოთხოვნის გამეორებას, მანამ სანამ ბავშვი არ შეასრულებს მას.

„სენდვიჩის“ ტექნიკა. გულისხმობს კონსტრუქციულ კრიტიკასა და შეთავაზებას პოზიტიურ რეპლიკებთან ერთად. აღნიშნული ტექნიკის თანახმად, თუკი მასწავლებელი ბავშვს კრიტიკასა და შენიშვნას პოზიტიურ რეპლიკებს შორის მიაწოდებს, მაშინ ეს უკანასკნელი ბავშვის მიერ ნაკლებ მტკივნეულად აღიქმება. მაგალითად,“გიგი, შენ სწორად ამოხსენი კლასში ამოცანა, (პოზიტიური რეპლიკა), კარგი იქნებოდა საშინაო დავალებაც რომ გქონოდა, (შენიშვნა), მე ვხედავ, რომ მათემატიკა სულ უფრო და უფრო უკეთ გამოგდის. (პოზიტიური რეპლიკა)“. ნაწილი მიიჩნევს, რომ რიგ შემთხვევებში „სენდვიჩის ტექნიკაზე“ უფრო ეფექტურია, როდესაც მასწავლებელი შემდეგი ფორმულირებით აწვდის ბავშვს უკუკავშირს: „გიგი, მომეწონა, რომ... (ჩამონათვალი) და ვფიქრობ, რომ კიდევ უკეთესი იქნებოდა, (ჩამონათვალი) რომ გაგეკეთებინა.

პრობლემის აღნიშვნა. ხშირად, უფროსის მხრიდან პრობლემის არსებობაზე მითითება, პრობლემის აღნიშვნა, დეტალური ინსტრუქციების მიცემაზე ბევრად ეფექტური სტრატეგიაა. აღნიშნული ტექნიკის გამოყენება ხელს უწყობს ბავშვის დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების განვითარებას. იქიდან გამომდინარე, რომ ასეთ შემთხვევაში მას არ გააჩნია წინასწარი მითითება და თავადვე უნდა სცადოს ამა თუ იმ პრობლემის გადაჭრა. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ამ დროს დადანაშაულებისა და გაკიცხვის გარეშე აღნიშნოს პრობლემა და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში მისცეს მიმანიშნებლები. მაგალითად, იმის ნაცვლად, რომ ვუთხრათ ბავშვს აკრიფოს ფურცლები და ჩააწყოს ჩანთაში, შეიძლება უბრალოდ მივანიშნოთ მათზე „ნიკა, ფურცლები.“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203