„სკოლის ვალდებულებაა, ახალი მასწავლებელი თბილად მიიღოს“- დირექტორები ახალ კადრებზე
12-10-2022
მასწავლებლისთვის ახალ სკოლასთან და გარემოსთან შეგუება საკმაოდ რთულია. კლასში და მოსწავლეებთან არსებული მდგომარეობის გარდა, თანამშრომლებთან ურთიერთობაც ხშირად დიდი გამოწვევა ხდება. ახალ მასწავლებელს სკოლასთან ადაპტაციაში პირველ რიგში დირექტორი უნდა დაეხმაროს, რომელიც სასკოლო საზოგადოების ხელმძღვანელია.

დირექტორია ის ადამიანი, რომელსაც ახალი მასწავლებელი შეიძლება დაეყრდნოს. etaloni.ge დაინტერესდა როგორ შეიძლება დირექტორი ახალ მასწავლებელს სკოლასთან ადაპტაციაში დაეხმაროს? - ამ კითხვით სხვადასხვა საჯარო სკოლების დირექტორებს მივმართეთ.

ზოია თიგიშვილი, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდეზიტის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახალი მასწავლებელი, როდესაც სკოლაში შემოდის პირველ რიგში უნდა მოუსმინო: რა მოსწონს, რა არა, რის გაკეთებას აპირებს და ა.შ. ამის შემდეგ, დირექტორმა აუცილებლად თანამშრომლებს უნდა წარუდგინოს და მისი დახმარება სთხოვოს, შევიდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციაში, ასწავლონ მოსწავლეებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, პირველ რიგში რომ ადაპტაციაში ახალ მასწავლებელს დაეხმარო, საჭირო სულ ორი რამ არის - მოსმენა და კომუნიკაცია. კარიერის დასაწყისში, 43 წლის წინ პირადად მე სხვა მასწავლებელს ვთხოვე დახმარება, რომელიც მაშინ ძალიან დამეხმარა და საჭირო რჩევები მომცა. მისი დახმარებით ავაწყე სამუშაო და დღემდე ვმუშაობ.

ციალა ძნელაძე, აკაკი შანიძის სახელობის სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოღის საჯარო სკოლის დირექტორი:

ახლა მივიღე ორი ახალი პედაგოგი და სწორედ მათ მაგალითზე ვიტყოდი, როგორ შეიძლება დირექტორმა ახალ მასწავლებელს სკოლასთან ადაპტაციაში შეუწყოს ხელი. პირველ რიგში გავაცანი - კოლექტივი და ინფრასტრუქტურა, შემდეგ შევიყვანე ოთახში, ავუხსენი რა რესურსები ჰქონდათ და რაიმე საჭიროების შემთხვევაში ჩემთვის მოემართათ. სკოლაში ახალგაზრდული კოლექტივი მყავს და ყველას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ახალი პედაგოგები მათ დავამეგობრე, პედსაბჭო ჩავატარეთ შემდეგ და სხვადასხვა საკითხებზე მოსაზრებები გავცვალეთ. კოლეგების შემდეგ კი თავად მოსწავლეებს წარვუდგინე ახალი მასწავლებელი და ბავშვების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივაწოდე. ვფიქრობ, მსგავსი ნაბიჯები დაეხმარება პედაგოგს ახალ გარემოს მარტივად შეეგუოს.

ალბერტ არუთუნიან, ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორი ვალდებულია ახალ მასწავლებელს ყველანაირად დაეხმაროს და გარდა დახმარებისა, შექმნას ისეთი პირობები, რომ პედაგოგმა თავი კარგად იგრძნოს. პირადად მე, როდესაც კარიერას ვიწყებდი ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში ჩემზე ადრე იყვნენ, ძალიან მეხმარბოდნენ. თუ რაიმე კითხვა მქონდა ვეკითხებოდი და მათ გამოცდილებას ვითვალისწინებდი. ახალმა პედაგოგმა, აუცილებლად გამოცდილი მასწავლებლებისგან უნდა მიიღოს რჩევები. ვფიქრობ, დირექტორის უპირველესი ვალია სკოლაში შექმნას ისეთი პირობები, რომ ახალმა მასწავლებელმა თავი კარგად იგრძნოს. 

მურთაზ მანდარია, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლუხვანოს საჯარო სკოლის დირექტორი:

თუ მეცოდინება, რომ ახალი პედაგოგი, რომელსაც სკოლაში ვიღებ სულიერად მასწავლებელია შეიძლება მასთან ბევრი საუბარი არც დამჭირდეს. მხოლოდ ის, რომ მიზნად ახალგაზრდების სწავლა და ცოდნის გადაცემა ჰქონდეს, მხოლოდ ეს არ კმარა, რადგან კარგად უნდა ჰქონდეს გათვითცნობიერებული, თუ როგორ პირობებში მოუწევს მოღვაწეობა. ამის შემდეგ კი, თუ ყველაფერი მისაღებია მაშინ მისთვის სკოლის კარი ღია იქნება. რაც შეეხება ახალი მასწავლებლის კოლეგებთან ურთიერთობას. ვფიქრობ, პედაგოგები საუკეთესო ადამიანები არიან, რომ ახალს ასწავლონ, უთხრან რაც საჭიროა. მასწავლებელი არავის დაჩაგრავს. ახალი პედაგოგი, რომელიც თავადაც იქნება დაინტერესებული სკოლაში გალიოს საუკეთესო წლები, ის თანამშრომლებთანაც საუკეთესო იქნება. ამ ყველაფრისთვის კი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ არის საჭირო - მოსულიც და დამხვედრის ნამდვილი, სულიერად პედაგოგი უნდა იყოს. ახალ მასწავლებელს კი ჩემი მხრიდან თუ რამე მიმართულების მიცემა დასჭირდება მას ყოველთვის გვერდით დავუდგები და საჭირო დახმარებას აღმოვუჩენ.

რევაზ ჯოჯუა, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ფოცხოს საჯარო სკოლის დირექტორი:

პირადად მეც და პედაგოგები ახალ მასწავლებლებს ყველანაირად ვეხმარებით, რათა პროფესიულად განვითარდეს. ახალი მასწავლებელი, როდესაც ჩვენს სკოლაში პირველად შემოდის ვაცნობ კოლეგებს, შინაგანაწესს და შემდეგ, სამუშაო პროცესში ჩვეულ რეჟიმში ერთვება. ახალ კადრს, თუ რაიმე დახმარება სჭირდება დირექციისა და კოლექტივისგან მას ყოველთვის ექნება მხარდაჭერა. მეც, კარიერის დასაწყისში, ყველანაირად მეხმარებოდნენ და ტრენინგებზე დავდიოდი. ყველანაირად ხელს მიწყობდნენ, ახლა ყველაფერი ონლაინ რეჟიმშია, მაშინ კი, 90-იან წლებში მნიშვნელოვან ტრენინგებს უნდა დავსწრებოდით.

ლია თოფურია, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ მენჯის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, სანამ ახალი მასწავლებელი სკოლაში შემოვა მანამდე უნდა გაიცნოს დირექტორი, მან კი გარემოსთან ადაპტაციაში შეუწყოს ხელი. ახალგაზრდა მასწავლებელს თავისი გამოცდილი, მენტორი მასწავლებელი შეიძლება ჰყავდეს, რომელიც კოლეგებთან, მშობლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობაში დაეხმარება. სკოლის ვალდებულებაა, რომ მასწავლებელი თბილად მიიღოს. რა თქმა უნდა პრობლემები იქნება, მაგრამ ახალმა პედაგოგმა უნდა იგრძნოს, რომ გვერდით ძლიერი კოლექტივი ჰყავს. სანამ დირექტორი გავხდებოდი, მასწავლებელი ვიყავი. როგორც საკუთარ ოჯახში, სკოლაშიც ისე ვგრძნობდი თავს და ეს ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა. ჩემი კოლეგები მენდნენ, რომ ხელი ამ საპასუხისმგებლო საქმისთვის მომეკიდა. 

ნონა დავითაძე, ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ აქუცის საჯარო სკოლის დირექტორი:

წელს სკოლაში ორი ახალი მასწავლებელი მივიღე და მათთვის ადაპტაციაში დახმარება გასაუბრების ეტაპიდანვე დავიწყე, რადგან ვფიქრობ ურთიერთობებს საფუძველი სწორედ აქედან ეყრება. არანაირი მიზანდასახული კითხვები მათთვის არ დამისვამს. ჯერ თავი კომფორტულად ვაგრძნობინე, ჩემზე და ჩემს სკოლაზე დავიწყე საუბარი. გავაცანი ჩვენი სკოლის მისია და მიზანი. შემდეგ კი მათ მოვუსმინე, თუ რატომ სურდათ ჩვენთან მუშაობა. ჩემი აზრით, ამ მიდგომით მათ გაშინაურებაში დავეხმარე. როდესაც სკოლაში პირველად შემოვიდნენ, როგორც პირველკლასელს, ექსკურსი მოვუწყე - დავათვალიერებინე ყველაფერი, გავაცანი რესურსები, კლასი, მოსწავლეები და პედაგოგები. რაც შესაძლებელი იყო ყველა საკითხი მათთან ერთად გავიარე. ასევე, დავამატებ, რომ პედაგოგებს გარეთ არასდროს ვხვდები, როდესაც აგვიანდებათ. სოფლის სკოლაა და გარკვეული გზის გავლა უწევთ. ყოფილა შემთხვევა, რომ ზარიც კი გადამიწევია, რომ არ დაჰგვიანებოდათ. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ თავი ცუდად არ იგრძნონ. თუკი არ აგვიანდებათ, გარეთ ვეგებები, ვესალმები და ვაგრძნობინებ, რომ საქციელს ვუწონებ. ასევე, ვაფრთხილებ სკოლაში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და ვთხოვ, საკუთარი წვლილიც შეიტანონ. ვფიქრობ, ჩემთან დასაქმებულ მასწავლებლებს დირექტორთან პრობლემები არ ექნებათ და სკოლასთან ადაპტაციას მარტივად შეძლებენ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203