მოსწავლეს სკოლაში ძვირადღირებული ნივთების ტარების უფლება არ აქვს. ასევე დაუშვებელია, მოსწავლის მიერ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დიდი ოდენობის ფულის ტარება.
მოსწავლის ქცევის კოდექსში დაკონკრეტებული არაა, თუ რა ნივთები იგულისხმება ძვირადღირებულში, რაც აკრძალვას უფრო ფართო მნიშვნელობას ანიჭებს. ეს შეიძლება იყოს: მაღალფასიანი ტელეფონი, პლანშეტი, კომპიუტერი, ოქროული და ნებისმიერი სხვა ნივთი, რაც ძვირადღირებულია.
სკოლას უფლება აქვს, მოსწავლეს ნებისმიერი აკრძალული ნივთი, მათ შორის ძვირადღირებული, ჩამოართვას და მის მშობელს გადასცეს. ასეთ დროს ბავშვს უნდა განემარტოს ნივთის ჩამორთმევის მიზეზი და მიეცეს გაფრთხილება.
ზოგადი განათლების შესახებ კანონში არსებობს ჩანაწერი „საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის“ და „უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება“. უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება შესაძლებელია საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის ან სკოლის თანამშრომლის ინიციატივით თუ ამისთვის საფუძვლიანი ვარაუდი არსებობს.
„უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების განხორციელება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც გარემოებები მიუთითებს მოსწავლის მიერ სკოლის შინაგანაწესის შესაძლო დარღვევაზე ან/და შესაძლო სამართალდარღვევის ჩადენაზე და არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისათვის, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერების შედეგად გამოვლინდება სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა ან/და შესაძლო სამართალდარღვევა“, - სწორედ ეს ჩანაწერი სკოლას უფლებას ანიჭებს, მოსწავლეს ჩამოართვას კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი აკრძალული ნივთი.
აქვე აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო ზედაპირული დათვალიერება უნდა მოხდეს იმავე სქესის საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის, ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში − სკოლის დირექტორის მიერ განსაზღვრული იმავე სქესის საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ, მეტალოდეტექტორის გამოყენებით, ფიზიკური შეხების გარეშე.