პროექტი სახელწოდებით „ქართული ენა ემიგრანტებისათვის“ ხორციელდება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ 2016 წლის დეკემბრიდან. პროექტის მთავარი მიზანია: საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ ბავშვებში ქართული ენისა და კულტურის პოპულარიზაცია და საქართველოსთან დაახლოების ხელშეწყობა.
პროექტში ჩართვის შესაძლებლობა აქვთ 5 -დან 15 წლამდე საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს. აუცილებელი პირობაა, ერთ-ერთი მშობელი ან ორივე უნდა იყოს ეროვნებით ქართველი. რეგისტრაციისათვის მისაღებია ნებისმიერი ენობრივი კომპეტენციის მოსწავლე.
გაკვეთილები ტარდება Microsoft Teams -ის პლატფორმაზე სინქრონულ რეჟიმში. სასწავლო პროცესი ადაპტირებულია პროექტში მონაწილე მოსწავლეთა საცხოვრებელი ქვეყნების საათობრივ სარტყელზე. მაქსიმალურად ხდება მათი ხელშეწყობა და იმ დროის შერჩევა, (ან გაკვეთილების დაგეგმვა იმ დროს) რომელიც აწყობთ ბავშვებს.
გაკვეთილებს უძღვებიან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გადამზადებული სერტიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც მუდმივად მუშაობენ სასწავლო პროცესის გაუმჯობესებასა და რესურსების გამრავალფეროვნებაზე. მათ აქვთ გაკვეთილების დისტანციურად ჩატარების ექვსწლიანი გამოცდილება. მათი თანამშრომლობითა და ურთიერთდახმარებით პროექტი მუდმივად იზრდება და იხვეწება.
მასწავლებელი და მოსწავლეები დათქმულ დღეს შედიან ვირტუალურ სივრცეში, სადაც ტარდება შეხვედრა. ეს არის საკომუნიკაციო სივრცე, სადაც მოსწავლეები თავისუფლად საუბრობენ, უზიარებენ ერთმანეთს თავის განცდებსა და შთაბეჭდილებებს. თამაშობენ შემეცნებით თამაშებს და ხალისით ეუფლებიან ქართულ ენას. გაკვეთილები გამდიდრებულია ვიზუალური, აუდიო და ვიდეო მასალებით. გამოყენებულია სხვადასხვა ციფრულ ხელსაწყოში შექმნილი ინტერაქტიური რესურსები, რაც ეხმარება მოსწავლეებს ჩართულობასა და მოტივაციის გაზრდაში.
საიტზე 1980-ზე მეტი პროექტში მონაწილეობის მიღების მსურველი დარეგისტრირდა 42 ქვეყნიდან. დღევანდელი მონაცემებით აქტიურად ჩართულია 830 -მდე მოსწავლე 38 ქვეყნიდან. მოქმედებს 165 ჯგუფი. თითოეულ ჯგუფში საშუალოდ 3-5 მოსწავლეა ჩარიცხული. გაკვეთილებს უძღვება 34 მასწავლებელი.
პროექტის შესახებ ვიდეო რგოლი, შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
პროექტში ჩართული მხარეები: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
ტექნიკური მხარდამჭერი: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა
პროექტის ტექნიკური მხარდამჭერი: Microsoft საქართველო
პროექტი ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით
https://distancelearning.mes.gov.ge/ge