ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, სტელა გიგოლაევას კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე განსაკუთრებით საინტერესოა. ამჯერადაც, სკოლის ხელმძღვანელს საინტერესო კითხვებით მივმართეთ.
- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ მიდგომაში ?
- მივესალმები დაწყებით კლასში საგნობრივ სწავლებას და ამის მკაფიო მაგალითს ჩვენი სკოლაც იძლევა, ქართულს, მათემატიკას, ხელოვნებასა თუ სპორტს ჩვენი სკოლის პირველ კლასელებს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. ეს ერთი მხრივ კარგიცაა მოსწავლისათვის, იგი პატარაობაშივე ეჩვევა სხვადასხვა გარემოს, სხვადასხვა პედაგოგს და ერთდროულად ნახულობს სხვადასხვაგვარ მიდგომას სწავლისადმი.
ტრადიციულად დაწყებითი კლასების მოსწავლეების მე-5 კლასში გადასვლას ყოველთვის მოჰყვებოდა ხოლმე მათი აკადემიური მოსწრების სერიოზული დაქვეითება და მანამდე არარსებული ქცევითი პრობლემების აღმოცენება, რასაც მე-5 კლასებში შემსვლელი მასწავლებლები, როგორც წესი, დაწყებითი კლასების მასწავლებლებს აბრალებდნენ და საყვედურობდნენ მათ ზედმეტი ლოიალურობის, დამთმობლობისა და სუბიექტურობის გამო. ვთვლი, რომ თუ მოსწავლე პირველივე კლასიდან მიეჩვევა სხვადასხვა მასწავლებელთან ურთიერთობას, მოგვიანებით მას აღარ გაუჭირდება მის სასკოლო ცხოვრებაში მომხდარი ცვლილებების უმტკივნეულოდ გადატანა.
მეორე მნიშვნელოვანი არგუმენტი კი ვფიქრობ არის ის რომ, თუ ჩვენ მასწავლებელს ერთი კონკრეტული საგნის არჩევის და ამ საგანში ჩაღრმავების საშუალებას მივცემთ, შედეგები გაცილებით უკეთესი გვექნება.
- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე?
- საკლასო გარემო ფართო ცნებაა და გულისხმობს კლასში არსებულ განწყობას, ზოგად ატმოსფეროს, რომლის ჩამოყალიბებაზეც გავლენას ახდენს მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის არსებული ურთიერთობები, კლასში დამკვიდრებული წესები და საკლასო ოთახის ფიზიკური გარემო. კლასში არსებული ატმოსფერო მოსწავლეთა სწავლის მიმართ განწყობებსა და დამოკიდებულებებზე მოქმედებს და სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს. პოზიტიური საკლასო ატმოსფეროს შესაქმნელად მნიშვნელოვანია ფიზიკური გარემოს მოწყობა, მაგალითად, მიმზიდველი და სასიამოვნო სურათების, პლაკატების და სხვა თვალსაჩინოებების გამოყენება. მასწავლებელს შეუძლია, სასწავლო მასალა კედელზე გააკრას, რაც სწავლების ეფექტური ფორმაა და ხელს უწყობს მოსწავლეთა მხრიდან მასალის ადვილად დამახსოვრებას. სკოლაში სისუფთავისა და სანიტარული ნორმების დაცვა პოზიტიური გარემოს აუცილებელი კომპონენტია.