როდის ითვლება საჯარო სკოლის დირექტორი წარმატებულად - ხელმძღვანელების შეფასებები
19-10-2022

სკოლის დირექტორს ყოველდღიურად სხვადასხვა გამოწვევასა და პრობლემასთან გამკლავება უწევს. მან უსაფრთხო, მოსწავლეთა და პედაგოგთა ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული გარემოს შექმნაზე უნდა იზრუნოს. გადა ამისა, აუცილებელია, რომ კარიერულად თვითონაც განვითარდეს და ერთ ადგილას არ შეჩერდეს. და მაინც, რა განსაზღვრავს დირექტორის წარმატებას, როგორია მათი წარმატების ფორმულა - ამ კითხვებზე საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორებმა გვიპასუხეს.

მათ ისაუბრეს, როგორი უნდა იყოს სკოლის ხელმძღვანელი, რომ წარმატებული დირექტორის სტატუსი ჰქონდეს. 

რომანოზ ქიქავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის წარმატების ფორმულა, წარმატებული მოსწავლეები არიან. იმ სკოლის ხელმძღვანელს შეიძლება ვუწოდოთ წარმატებული, რომელ სკოლასაც ძლიერი პედაგოგები და მოსწავლეები ჰყავს. დირექტორებს ვურჩევდი, რომ ახალი, თანამედროვე მეთოდები დანერგონ, სასკოლო თემთან აქტიური ურთიერთობა ჰქონდეთ, რაც სასწავლო პროცესში მშობლების ჩართვას გულისხმობს. საჭიროა, რომ სკოლის ხელმძღვანელმა თანამედროვე ცხოვრების წესსა და მიდგომებს ფეხი აუწყოს.

ემზარ პაპიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუნჩხის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის წარმატებას, პირველ რიგში, პროფესიონალიზმი განსაზღვრავს. ის კომუნიკაბელური, საკუთარი საგნის მცოდნე, მეგობრული და განვითარებაზე ორიენტირებული უნდა იყოს. მნიშვნელოვანია სასკოლო პირობებიც, სკოლა შესაბამისი ინვენტარით უნდა იყოს აღჭურვილი და მცოდნე პედაგოგები ჰყავდეს. ეს ყველაფერი კი, რასაკვირველია, წარმატებული სკოლისა და დირექტორის ჩამოყალიბების წინაპირობაა. დირექტორი მოსწავლეთა ინტერესებს უნდა ითვალისწინებდეს და მათ განვითარებაზე აქტიურად ზრუნავდეს.

მერაბ ჯიჯელავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერის საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორის წარმატებაა, როდესაც სკოლაში უსაფრთხო, მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის ხელსაყრელი გარემოა შექმნილი. გარდა ამისა, წარმატებული მოსწავლეები პირდაპირ დირექტორის წარმატებას ნიშნავს და მასზე მეტყველებს. მას ლიდერული თვისებები უნდა ჰქონდეს და მისაბაძი იყოს. მნიშვნელოვანია, მოსწვლეთა სხვადასხვა სახის აქტივობასა და ღონისძიებაში ჩართვა. ჩემი აზრით, იმ დირექტორს შეიძლება ეწოდოს წარმატებული, რომელიც სასკოლო საზოგადოების განვითარებაზე აქტიურად ზრუნავს. ეს დირექტორის მთავარი ამოცანაა.

მალხას მალხასიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ქარცეფის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩემი აზრით, დირექტორი რომ წარმატებული იყოს, მას ლიდერობის უნარი უნდა ჰქონდეს. ყველაზე მთავარია, რომ ის კარგი მენეჯერი იყოს, რათა სასკოლო ცხოვრებაში თანამშრომლების აყოლიება შეძლოს. შედეგად კი, ვფიქრობ, რომ სკოლა, დირექტორი და მასწავლებლები წარმატებულები იქნებიან.

ნური ჯაფარიძე, ბათუმის N29 საჯარო სკოლის დირექტორი:

დირექტორი ერთპიროვნულად წარმატებული ვერ იქნება. იმისთვის, რომ სკოლის ხელმძღვანელს წარმატებული ეწოდოს, აუცილებელია, რომ მოსწავლეები და პედაგოგები აქტიურები, მოტივირებულები და განვითარებაზე ორიენტირებულები იყვნენ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ დირექტორი როგორი მენეჯერია, მას ლიდერის გამოკვეთილი თვისებები უნდა ჰქონდეს. უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენს სკოლაში ყველა მასწავლებელი სერტიფიცირებულია, მაღალი ხარისხის გაკვეთილები ტარდება და ძალიან კარგ შედეგს ველოდებით.

ბადრი კოჩალიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ აფნიის საჯარო სკოლის დირექტორი:

ვფიქრობ, დირექტორის წარმატებაზე კვალიფიკაცია, აქტიურობა და მენეჯმენტის უნარი მეტყველებს. ის ლიდერი უნდა იყოს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა და პედაგოგთა აქტიურ ჩართულობას უზრუნველყოფს. სკოლის ხელმძღვანელის წარმატება, პირველ რიგში, იმით ჩანს, თუ რამდენად ძლიერი და მოტივირებული მოსწავლეები ჰყავს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203