„პროექტებით სწავლება ჩვენი ძლიერი მხარეა“- იზა ღიბრაძე, პირველი სვირის საჯარო სკოლის დირექტორი
19-10-2022

საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, იზა ღიბრაძის კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი ? რა დადებით და უარყოფით მხარეებს ხედავთ სწავლების ამ  მიდგომაში ?

- ჩვენი სკოლის დაწყებით კლასებში საგნობრივი სწავლება არ არის დანერგილი. ვფიქრობ, ამ მეთოდს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები. დადებითია ის, რომ საგნობრივად თითქმის არ იცვლება პედაგოგი პირველი კლასიდან ბოლომდე, ეს კარგია, განსაკუთრებით დაწყებით საფეხურზე. მოსწავლე მარტივად ეჩვევა ერთ მასწავლებელს, მაგრამ უარყოფითი მხარეა ის, რომ დაწყებით საფეხურზე, უფრო მეტად პირველ მეორე კლასებში, საჭიროა განსხვავებული მიდგომა,რაც საშუალო და საბაზო საფეხურის მასწავლებლებისათვის არც ისე მარტივია.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში ?

- გულდასმით გავეცანი საჯარო სკოლის დირექტორის ახალ სტანდარტს და ჩემთვის მისაღებია ყველა ის მოთხოვნა, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს თანამედროვე დირექტორი. უხელმძღვანელო სკოლას დიდი პასუხისმგებლობაა. მითუმეტეს არ არის ადვილი იყო კარგი დირექტორი. თანამედროვე მოთხოვნებით მარტო ძლიერი მენეჯერობა არ არის საკმარისი. უნდა იყო სასწავლო პროცესის კარგი ორგანიზატორი და ასევე აქტიური ხელმძღვანელი პირი.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე ?

- სასკოლო გარემო, სასწავლო პროცესის სწორად წარმართვის უმთავრესი პირობაა. მთავარია, სასკოლო საზოგადოებამ დირექტორის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს შეუქმნას უსაფრთხო და ყველა მოსწავლეზე მორგებული სასკოლო გარემო. ეს საწინდარია აღიზარდოს თანამედროვე მოთხოვნებს მორგებული და კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა.

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?

- ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოება იყოს აქტიური და ჩართული იყოს იმ აქტივობებში, რაც ხელს შეუწყობს ახალი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას სასკოლო ცხოვრებაში. პროექტებით სწავლება ჩვენი ძლიერი მხარეა და ვცდილობთ კვლავ განვახორციელოთ ისეთი აქტივობები, რაც მოსწავლეებს მრავალმხრივ უნარებს განუვითარებს.

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?

- ჩემი აზრით, მასწავლებელმა, პირველ რიგში, უნდა შეაყვაროს მოსწავლეს თავი, და შემდეგ თავისი საგანი. ეს ქვაკუთხედია წარმატების მისაღწევად.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203