„დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ჩემი შეხედულება უარყოფითია“- ნოდარ ბერძენაშვილი, იყალთოს საჯარო სკოლის დირექტორი
19-10-2022
საქართველოს სკოლებში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. ის, რასაკვირველია, საინტერესო აქტივიბებითა და ახალი გამოწვევებითაა დატვირთული. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლა განათლების სფეროში მიმდინარე სიახლეებს წარმატებით უწყობს ფეხს, ამიტომ მისი დირექტორის, ნოდარ ბერძენაშვილის კომპეტენტური აზრი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე განსაკუთრებით საინტერესოა. ჩვენ მას მივმართეთ და გავიგეთ, თუ რას ფიქრობს დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე, დირექტორის ახალ სტანდარტზე, რას ნიშნავს მისთვის სასკოლო გარემო და ა.შ. 

- რას ფიქრობთ დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ? თუ არის აღნიშნული მეთოდი თქვენ სკოლაში დანერგილი ? რა დადებით და უარყოფით  მხარეებს ხედავთ სწავლების ამ  მიდგომაში ?

- დაწყებით კლასებში საგნობრივ სწავლებაზე ჩემი შეხედულება უარყოფითია. ეს მეთოდი ჩემს სკოლაში დანერგილია: ა) ფიზაღზრდას,  ბ) ხელოვნებას, გ) მუსიკას სპეციალისტები ასწავლიან. დადებითია ის, რომ ამ საგნებს სპეციალისტები ასწავლიან და ბავშვი მეტ ინფორმაციას იღებს. უარყოფითია ის, რომ ბავშვს ბაღიდან სკოლაში ეცვლება გარემო, მოთხოვნები იზრდება, ბევრ მასწავლებელთან უხდება ურთიერთობა და სხვა. მისი გონება ამისათვის ჯერ სუსტია, უმჯობესი იქნება, თუ ბავშვს I-IV კლასებში მაინც ერთი მასწავლებელი ეყოლება, რომელიც დედის ზოგიერთ ფუნქციას ჩაანაცვლებს.

- როგორც ცნობილია, დამტკიცდა საჯარო სკოლის დირექტორის ახალი სტანდარტი. როგორია თქვენი შეხედულება განახლებულ დოკუმენტზე ? თქვენთვის საინტერესო რომელ საკვანძო საკითხებს გამოყოფდით ახალ სტანდარტში ?

- დირექტორის სტანდარტებზე ჩემი პოზიცია დადებითია, თუმცა მოთხოვნები, რომლებიც დირექტორმა უნდა შეასრულოს, საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე ვერ განხორციელდება. დირექტორი დღეს მარტოა დარჩენილი გადასაჭრელ პრობლემებთან, ნაკლებმოწესრიგებულია სკოლის რესურსები და ინფრასტრუქტურა. მოსაწესრიგებელია ადამიანური  რესურსების საკითხი დაფინანსების სისტემა კრიტიკას ვერ უძლებს.

- რას ნიშნავს თქვენთვის სასკოლო გარემო და როგორ აღწერდით მას თქვენი სკოლის მაგალითზე?

- სასკოლო გარემო დიდ გავლენას ახდენს სასწავლო-საგანმანათლებლო პროცესის ნორმალურ წარმართვაზე, სკოლას არ აქვს მოწესრიგებული ელმეურნეობა, არ აქვს ცენტრალური გათბობა, მოსაწესრიგებელია გარე ფასადი, შიდა რემონტი ჩასატარებელია, მოძველებულია კარებები, სასკოლო ინვენტარი და სხვა. 

- ახალი სასწავლო წლის დადგომასთან ერთად თქვენი სკოლისთვის საინტერესო რომელ სიახლეებს გამოყოფდით განსაკუთრებით ?

- სკოლაში დიდი სიახლეები არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით, რომ გაგრძელდა ელმეურნეობის მოწესრიგება (ჩვენი საჩივრის შედეგად), 2023 წელას გათვალისწინებულია ცენტრალური გათბობის მოწყობა, სკოლისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ბუფეტის არსებობა. კარგი იქნება თუ სახელმწიფო თავის თავზე აიღებს სკოლების უზრუნველყოფას ჯანსაღი საკვები პროდუქტებით. მოსწავლეები ახლომდებარე მარკეტებსა და ჯიხურებში ხშირად ყიდულობენ გაზიან სასმელებს და პროდუქტებს, რაც არ არის უვნებელი მათი ჯანმრთელობისთვის.

- თქვენი აზრით რას უნდა მიანიჭოს მასწავლებელმა სწავლების დროს ყველაზე დიდი მნიშვნელობა ?

- მასწავლებელმა ინდივიდუალური მიდგომით განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს, რომ მოსწავლეებმა გაიაზრონ საკითხი, ასწავლოს პრობლემის გადაჭრის გზები და ასწავლოს მიღებული ჩვევების პრაქტიკაში გამოყენება, რითაც მომავალ ცხოვრებას სწორად წარმართავენ.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203