გაკვეთილის სწორად დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. ეფექტურად დაგეგმილი გაკვეთილი პირდაპირ მეტყველებს მასწავლებლის პროფესიონალიზმზე. აღსანიშნავია, რომ სასწავლო პროცესი რაც უფრო მოქნილი და შემოქმედებითად დატვირთულია, მით მეტად კარგი შედეგი აქვთ მოსწავლეებს.
გაკვეთილის დაგეგმვისას პედაგოგმა უნდა იხელმძღვანელოს ძირითადი კომპონენტებით. ესენია:
თემა და მიზანი. პედაგოგმა თემის შესაბამისად უნდა ჩამოაყალიბოს გაკვეთილის მიზანი. სასწავლო მიზნები უნდა გამომდინარეობდეს ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგებიდან, მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს მოსწავლეთა საჭიროებები, მოთხოვნილებები და ინტერესები. გაკვეთილის მიზანი უნდა იყოს კონკრეტული, მიზნის მისაღწევი საფეხურები კი ისე დაგეგმილი, რომ ეს შესაძლებელი იყოს განკუთვნილ დროში. სასწავლო მიზნების ფორმულირებისას გამოიყენება შემდეგი ზმნები - გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები: გაიგებენ, ახსნიან, აღწერენ, შეადარებენ, შექმნიან, გააანალიზებენ, პრობლემას გადაჭრიან, შეაფასებენ, გამოიკვლევენ და ა.შ.
სასწავლო აქტივობები და სტრატეგიები. სასწავლო აქტივობები გაკვეთილის მიზანის შესაბამისი უნდა იყოს და ხელს უნდა უწყობდეს დასახული მიზნის მიღწევას. პედაგოგმა უნდა დაგეგმოს როგორც საკუთარი აქტივობა (თუ რა უნდა გააკეთოს მან კონკრეტული მიზნის მისაღწევად), ასევე მოსწავლეების აქტივობა (რისი გაკეთება მოუწევთ მოსწავლეებს).
ეფექტური რესურსების შერჩევა. სასწავლო რესურსების სწორად შერჩევა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა სასწავლო პროცესის ეფექტიანად წარსამართვაად. გაკვეთილის გეგმის შედგენისას სასწავლო რესურსებში მასწავლებელმა უნდა მიუთითოს ყველა რესურსი, რასაც მიზნის მისაღწევად გამოიყენებს, ეს იქნება სახელმძღვანელო, თვალსაჩინოება, ინტერნეტრესურსი თუ სხვა.
დროის სწორად განაწილება. სასწავლო აქტივობებზე დროის სწორად განაწილება ეფექტიანი გაკვეთილის ერთ-ერთი წინაპირობაა. მასწავლებლის მიერ დაგეგმილ გაკვეთილში კარგად უნდა ჩანდეს, რამდენი დრო დაეთმობა ამა თუ იმ აქტივობას.
კლასის ორგანიზება. მასწავლებელს წინასწარ უნდა ჰქონდეს დაგეგმილი, როგორ აპირებს გაკვეთილის წარმართვას, შერჩეული უნდა ჰქონდეს კლასის ორგანიზების ფორმები. მაგალითად: იმუშავებს კლასთან, ჯგუფებთან თუ წყვილებთან? თუ პედაგოგი დააჯგგუფებს მოსწავლეებს და თითოეულ ჯგუფს დაავალებს მასალის ანალიზს, ეს ჯგუფური მუშაობაა, ლექციური ტიპის გაკვეთილის დროს კი პედაგოგი მთლიან კლასთან მუშაობს.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები. მასწავლებელმა წინასწარ უნდა დაგეგმოს სავარაუდო შედეგები და სწორედ მის მისაღწევად უნდა იყოს შერჩეული აქტივობები და მეთოდები. პედაგოგმა წინასწარ უნდა გაითვალისწინოს თითოეული აქტივობისა და მეთოდის გამოყენება მოსწავლეებში რა უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.
შეფასება. გაკვეთილის გეგმაში ასახული უნდა იყოს, შეფასების რა ტიპებსა და მეთოდებს გამოყენებს მასწავლებელი გაკვეთილზე, რა ფორმით შეამოწმებს სასწავლო შედეგებს. გაკვეთილის გეგმასთან ერთად წარმოდგენილი უნდა იყოს შეფასების რუბრიკებიც.
გაკვეთილის ბოლოს არანაკლებ მნიშვნელოვანია მასწავლებლის რეფლექსია. მან უნდა გააანალიზოს, რა იყო გაკვეთილზე ეფექტური, რა დაეხმარა შედეგის მიღწევაში და რამ შეუშალა ხელი. რას შეცვლიდა?
შეფასების შედეგებისა და თვითშეფასების გაანალიზების საფუძველზე კი პედაგოგს საშუალება აქვს, შეცვალოს გაკვეთილის გეგმა. ყოველივე ამის ანალიზი და გათვალისწინება მასწავლებელს პროფესიულად ავითარებს.