ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები პარლამენტის, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა განიხილა. მთავარი საკითხი ეხებოდა სპეცმასწავლებლებს, უფრო სწორად იმ პირთა წრეს, თუ ვინ შეძლება იყოს სპეცმასწავლებელი.
კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმა დააანონსა, რომ დაინერგება 60-კრედიტიანი პროგრამა, რომლის გავლაც სავალდებულო იქნება ყველა პირისთვის, ვისაც აქვს ბაკალავრის ხარისხი.
მხოლოდ სპეცმასწავლებლის გამოცდის ჩაბარებით, პირი სისტემაში ვეღარ შევა, რაც შეეხება მაგისტრებს, 300 კრედიტიან პროგრამაში მოხდება სპეცმასწავლებლების 60-კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირება.
„ეს ცვლილებები საჭიროა, რათა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხის პირს მხოლოდ სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების გზით არ ჰქონდეს შესაძლებლობა შევიდეს პროფესიაში, ამისთვის აუცილებელი იქნება 60 კრედიტიანი მომზადების პროგრამის გავლა“ - აღნიშნა ამილახვარმა, ხოლო განათლების მინისტრის მოადგილემ, ვალერიან გობრონიძემ განმარტა, რომ „დოქტორის ხარისხის მქონე პირებს, თუ აქვთ ამ მიმართულებით ჩატარებული კვლევა ან მუშაობის გამოცდილება, აღარ დასჭირდებათ არც გამოცდის ჩაბარება და არც მოსამზადებელი პროგრამის გავლა, ასეთივე გამონაკლისი შეეხება ფსიქოლოგებსაც“.