უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც რეგისტრაცია 20 ოქტომბრის ჩათვლით გაიარეს, ტესტირება 26 ოქტომბერს, 12:00 საათზე დაიწყება.
სტუდენტები საგამოცდო ცენტრში (მისამართი: ე.მინდელის ქუჩა N9) რეგისტრაციის გასავლელად 11:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდაზე დაგვიანების შემთხვევაში გამოსაცდელი ტესტირებაზე აღარ დაიშვება.
მონაწილემ თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან პასპორტი, სურვილის შემთხვევაში კი წყალი პლასტმასის ბოთლით და პირბადე. ტესტურ დავალებაზე მუშაობის პროცესში ცენტრი მას უზრუნველყოფს შესაბამისი კალმითა და სხვა საჭირო ნივთებით.
გამოცდის ხანგრძლივობაა 2 საათი და 30 წუთი. მისი წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას.
გამოცდაზე თითოეულ ნაწილში შესასრულებლად გექნებათ 15 დავალება. ტესტი შედგება 45 არჩევითპასუხიანი ტესტური დავალებისაგან. თითოეულ დავალებას აქვს 5 სავარუდო პასუხი, რომელთაგან მხოლოდ ერთი არის სწორი. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, ხოლო არასწორი პასუხი - 0 ქულით.
შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე:
online.naec.ge იმ პაროლის გამოყენებით, რომელსაც გამოცდის დღეს ცენტრის თანამშრომელი გადასცემს მონაწილეს.
გამოცდის პროცედურის დადგენილი წესის დარღვევის ფაქტის თაობაზე გამოსაცდელს შეუძლია ცენტრს მომართოს საპრეტენზიო განაცხადით. საპრეტენზიო განაცხადები მიიღება გამოცდის დღის 20:00 საათამდე მისამართზე: ქ. თბილისი, ე. მინდელის N9.